„ხელისუფლება პოლიტიკურ საფუძველზე ბიზნესის ორად გახლეჩას ცდილობს, ერთადერთი სფერო, რომლის ცემა-ტყეპაც არ დაწყებულა არის ბიზნესი, დარწმუნებული ვარ მიდის მუშაობა, რომ ეს სფეროც გაყონ და ერთმანეთს დაუპირისპირონ,“ - ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა კახა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მთელმა ბიზნესმა შეძლო და ერთიან პოზიციაზე დადგნენ, არსებულ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები ექნება, რაც მათთვის რისკია.
„როცა ირაკლი კობახიძის შეხვედრა იყო ბიზნესმენებთან, შთაბეჭდილება დამრჩა რომ ბიზნესის გახლეჩის პროცესი იწყებოდა. იცით რომ საზოგადოება ორ ნაწილად არის გახლეჩილი და ეგ იქნებოდა საშინელება. ბიზნესი რომ ერთმანეთს დაუპირისპირდეს ჩათვალეთ, ძალიან მოკლევადიანი სისწრაფით საერთოდ ეკონომიკა არ გვექნება. აქედან გამომდინარე ჩვენ დღემდე ვინარჩუნებთ ამ ფორმატს, შეიძლება განსხვავებული გემოვნება, პოზიცია გვქონდეს მაგრამ ვკამათობთ დახურულ კარს მიღმა და საჯაროდ ერთმანეთის წინააღმდეგ არ მივდივართ. პოლიტიკურ საფუძველზე ბიზნესის ორად გახლეჩის მცდელობა კიდევ რჩება დღის წესრიგში. დაიწყეს ახალგაზრდებით, გადავიდნენ ხელოვანებზე, ჟურნალისტებზე, ერთადერთი სფერო, რომლის ცემა-ტყეპა არ დაწყებულა ეს არის ბიზნესი. დარწმუნებული ვარ მიდის მუშაობა, მცდელობა რომ ეს სფეროც გაყონ და ერთმანეთს დაუპირისპირონ.
კოლეგებთან ყოველდღე მაგაზე ვსაუბრობ, რომ ქვეყნის ეკონომიკას ჩვენ ვმართავთ, ერთი სამშობლო გვაქვს და არ შეიძლება პოლიტიკური გემოვნების გამო ერთმანეთს დავუპირისპირდეთ. მინდა გითხრათ, რომ ბევრს ესმის და დიდ ნაწილთან შეჯერებაც ხდება ამ საკითხზე.
ჩემი სურვილია ბიზნესი ერთი მაგიდის ირგვლივ დავსხდეთ და ერთიანი პოლიტიკა შევიმუშაოთ. თუ შევძელით და მთელი ბიზნესი ერთიან პოზიციაზე მივედით, ჩათვალეთ, არსებულ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები ექნება, თუ ჩვენ ერთი ხმით დავიწყეთ საუბარი მაშინ ყველას მოუწევს ჩვენთვის ანგარიშის გაწევა. ეს რა თქმა უნდა რისკია მათთვის. „გათიშე და იბატონე“ იდეალური ვერსიაა, რასაც დღეს აკეთებენ, რისი მიღება უნდათ, მეორე ბელარუსის?! მეორე ბელარუსს აქ ვერ მიიღებენ,“ - განაცხადა კახა ხაზარაძემ.