მოთხოვნის შემცირებისა და მიწოდების ზრდის ფონზე, წელს უძრავი ქონების ფასები შესაძლოა, შემცირდეს - ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ "რე/მაქს რეალთი პარკის" მმართველმა პარტნიორმა მარიამ სურგულაძემ განაცხადა.
„2024 წელი უძრავი ქონების ბაზრისთვის საკმაოდ მძიმე იყო. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, რადგან ქვეყანა იმყოფებოდა წინასაარჩევნო რეჟიმში და შესაბამისად, მომხმარებლის ქცევა და მოთხოვნაც საკმაოდ თავშეკავებული იყო. მიუხედავად ამისა, მკვლევარებმა მაინც დააფიქსირეს ფასის წლიური 7%-იანი ზრდა, რაც ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის თვითღირებულებების გაძვირებით.
რაც შეეხება ამ წლის პროგნოზს, გეტყვით, რომ 2024 წელს დეველოპერულ პროექტებზე საკმაოდ დიდი რაოდენობით ნებართვები გაიცა. 2025 წელს ამ პროექტების ნაწილის განხორციელება დაიწყება და გვექნება ჭარბი მიწოდება.
პირველადი უძრავი ქონების ბაზარზე ჭარბი მიწოდებისა და შემცირებული მოთხოვნის ფონზე, კომპანიები იძულებულები იქნებიან, რომ ფასებს გადახედონ. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ უძრავი ქონება გაიაფდეს. თუმცა რამდენად შესამჩნევი იქნება კლების ტენდენცია, ამაზე რთულია პასუხის გაცემა. დეველოპერებიც არაორდინალურ სიტუაციაში არიან, რადგან სამშენებლო მასალების თითქმის 90% იმპორტირებულია, ამ მასალების ფასები კი მუდმივად იზრდება“, - აღნიშნა „საქმეში“ სურგულაძემ.