აშშ-ში TikTok-ი გაითიშა

შეერთებულ შტატებში სოციალური პლატფორმა TikTok-ი აკრძალვის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე გაითიშა.

აპლიკაციაში გამოქვეყნებულია შეტყობინება აშშ-ის მომხმარებლებისთვის, სადაც ნათქვამია, რომ ამოქმედდა კანონი, რომელიც TikTok-ს კრძალავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის მის გამოყენებას ვერ შეძლებენ.

“ჩვენდა საბედნიეროდ, პრეზიდენტმა ტრამპმა მიუთითა, რომ ის ჩვენთან ერთად იმუშავებს TikTok-ის აღდგენის გადაწყვეტაზე, როგორც კი თანამდებობას დაიკავებს“, - აღნიშნულია შეტყობინებაში.

მომხმარებლების განცხადებით, აპლიკაცია ასევე ხელმისაწვდომი აღარაა Apple Store-სა და Google Play Store-ზე.

ცნობისთვის, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თანამდებობის ოფიციალურად დაკავების შემდეგ TikTok-ის აკრძალვას, დიდი ალბათობით, 90-დღით გადაავადებს.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა აპრილში ხელი მოაწერა კანონს, რომელიც 2025 წლის დასაწყისიდან TikTok-ის აკრძალვას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში, თუ პლატფორმა ჩინეთში დაფუძნებულ კომპანიას ByteDance-ს არ ჩამოერთმეოდა.