ქართულ ბაზარზე ჩინური კომპანიების მიერ წარმოებული სათვალთვალო ტექნოლოგიების წილის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება, - ამის შესახებ კვლევას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ ავრცელებს.
„20 დეკემბერს, აშშ-ს მიერ სანქცირებული ვახტანგ გომელაური შეხვდა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს. შეხვედრის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ „სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
კვლევის მიხედვით, 2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ ჩინური კომპანიებისგან 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სათვალთვალო ტექნოლოგიების იყიდა. ჯამში გასულ წელს 13 შესყიდვა განხორციელდა. მაგალითისთვის, 2023 წელს განხორციელდა 6 შესყიდვა, რომლის ღირებულებამაც 151 592 ლარი შეადგინა.
„ქართულ ბაზარზე ჩინური სამეთვალყურეო კამერების შემსყიდველები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, სამინისტროები სამინისტროები და მათი საქვეუწყებო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა.
რაც შეეხება შესყიდული კამერების მწარმოებლებს, მათ შორის არიან საერთაშორისო დონეზე არაერთ სკანდალში გახვეული და საეჭვო რეპუტაციის მქონე ისეთი ჩინური კომპანიები, როგორებიცაა: Zhejiang Dahua Vision Technology Co., Ltd.; Hangzhou Hikvision Digital Technology Co.,Ltd და Tiandy Technologies Co., Ltd”, - აღნიშნულია დოკუმენტებში.
ამავდროულად, 2019-2024 წლებში განხორციელებული 46 სახელმწიფო შესყიდვიდან 26 შემთხვევაში შესყიდული კამერები Hikvision-ის მიერაა წარმოებული. აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციის იმპორტი კი, ბოლო წლებში არაერთმა დასავლურმა სახელმწიფომ აკრძალა, მათ შორის სამხრეთ კორეამ, ევროკავშირის ქვეყნებმა, ახალმა ზელანდიამ, აშშ-მა, უკრაინამ, ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ინდოეთმაც.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2019-2024 წლებში ჩინური სათვალთვალო ტექნოლოგიების შესაძენად 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ჩინური წარმოების სამეთვალყურეო კამერების ყველაზე მსხვილი შემსყიდველი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იყო. საყურადღებოა, რომ კომისიამ 2024 წელს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, შეიძინა 1 694 368 ლარის ღირებულების სამეთვალყურეო კამერები, რომლებიც Xiamen Milesight Technology Co., Ltd-ის მიერაა წარმოებული.
კვლევის ავტორების განცხადებით, ჩინური ტექნოლოგიები მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს კიბერუსაფრთხოებისა და მონაცემთა უსაფრთხოებისთვის. ამასთანავე, წამყვან ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შორის ახლო კავშირები ხსენებულ რისკებს ამწვავებს. შესაბამისად, აღნიშნული ტექნოლოგიები ეროვნული უსაფრთხოებისთვის სარისკოდ მიიჩნევა.
„ავტორიტარულ რეჟიმებთან, განსაკუთრებით კი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სამართალდაცვით, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, არამედ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს“, - აღნიშნულია ანგარიშში.