ბიძინა ივანიშვილმა პანამური ოფშორული კომპანიის Limestone Finance International-ს საკუთრებაში არსებული კომპანიები ქართულ სააქციო საზოგადოებაზე გადააფორმა. აღნიშნულს მოწმობს საჯარო რეესტრის მონაცემებში გასული წლის 31 დეკემბერს ასახული ცვლილებები.
ცნობისთვის, Limestone Finance International-ი არის ბიძინა ივანიშვილის სახელთან რეგისტრირებული ერთ-ერთი ოფშორული კომპანია, რომლის საკუთრებაშიც საქართველოში 7 კომპანია იყო რეგისტრირებული. 2024 წლის ბოლოს ბიძინა ივანიშვილმა, ამ 7-ვე კომპანიაში საკუთარი წილი პანამაში რეგისტრირებული კომპანიის ნაცვლად, საქართველოში მის საკუთრებაში არსებულ კომპანიაზე გადააფორმა.
საუბარია, შპს-ზე „ტერა“, რომელიც საქართველოში 2020 წლის 24 დეკემბერს არის დარეგისტრირებული. რეესტრში კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელად ბიძინა ივანიშვილია რეგისტრირებული. 2024 წლის 31 დეკემბერს კომპანიამ „ტერა“ შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და შპს-დან სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა. კომპანია კვლავ ივანიშვილის საკუთრებაში რჩება. რაც შეეხება სს „ტერას“ სამეთვალყურეო საბჭოს მისი თავმჯდომარე არის ნატო ხაინდრავა, წევრები კი კახა კობიაშვილი და ნოე ქინქლაძე.
ბიძინა ივანიშვილი, პანამაში რეგისტრირებული ოფშორული კომპანიის Limestone Finance International SA-ს მეშვეობით, საქართველოში 7 კომპანიას ფლობდა. ეს კომპანიებია: შპს „ახალი კაპიტალი“, შპს „სანაპიროს ხედი“, შპს „ქართუ კონსალტინგი“, შპს „აბასთუმანი 2019“, შპს „ჯეოფერტ“, შპს „ბლექ სი არენა“, შპს „ინვესტ კაპიტალი“. რეესტრის 2025 წლის 17 იანვრის ამონაწერით ეს კომპანიები ახლა სააქციო საზოგადოება „ტერას“ საკუთრებაშია.
შეგახსენებთ, იმასაც რომ ასევე 2024 წლის 31 დეკემბერს, რეესტრში ბიძინა ივანიშვილის შვილის უტა ივანიშვილის სახელზე ახალი კომპანია სააქციო საზოგადოება „ატუ ჰოლდინგი“ დარეგისტრირდა.
ცნობისთვის, 2024 წლის 27 დეკემბერს, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს". ამასთან, 2025 წლის 16 იანვარს გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაშიც შევიდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ წინადადება.
იხილეთ ასევე: უტა ივანიშვილმა ახალი კომპანია დააფუძნა - რა ვიცით კომპანიის შესახებ და კიდევ სად ფიგურირებს მისი სახელი