„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის უფროსმა შვილმა, უტა ივანიშვილმა 2024 წლის 31 დეკემბერს საქართველოში სააქციო საზოგადოება „ატუ ჰოლდინგი“ დააფუძნა. საჯარო რეესტრში არსებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ უტა ივანიშვილმა კომპანიის რეგისტრაცია ნატო ხაინდრავას მიანდო, რომელიც 2023 წლიდან სს „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს. დოკუმენტების მიხედვით, მინდობილობის მინიჭების პროცესი ელექტრონულად მიმდინარეობდა, იქიდან გამომდინარე, რომ უტა ივანიშვილი იაპონიაში იმყოფებოდა.
სამეწარმეო რეესტრში არსებული მონაცემებით, „ატუ ჰოლდინგის“ ერთადერთი აქციონერი უტა ივანიშვილია. კომპანიის ნებადართული კაპიტალის მოცულობა 100 მილიონ ლარს, განთავსებული კაპიტალი - 100 ათას ლარს, განაღდებული კაპიტალი კი 25 ათას ლარს შეადგენს. ამასთანავე, იკრვევა, რომ „ატუ ჰოლდინგის“ ოფიციალური მისამართი „ქართუ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებულ შენობაში, თბილისში, ჭავჭავაძის 39დ-ში იქნება.
„ატუ ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭო 3 წევრისგან შედგება. საბჭოს თავმჯდომარე „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ბესიკ დემეტრაშვილია. დანარჩენი ორი წევრი კი არჩილ მამაცაშვილი და როსტომ ჩაბრაძე არიან. თავის მხრივ ჩაბრაძე 2001 წელს დაფუძნებული „ასოციაცია ატუს“ გამგეობის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ შემომწირველია. რაც შეეხება არჩილ მამაცაშვილს ის სს „დაზღვევის კომპანია ქართუს“ დირექტორი და „ქართული ოცნების“ პარტიული შემომწირველი.
რეესტრის მონაცემებით, ახალდაარსებული კომპანიის დირექტორი კახა კობიაშვილია, რომლის სახელიც რამდენიმე კომპანიაში ფიგურირებს (სს „ტრანს-ინვესტი“, შპს „აკვა ცენტრი“, შპს „ინვესტ კაპიტალი“, შპს „აქცენტი“, შპს „ლაგუნა ვერე“, სს „სპორტული კომპლექსი ლაგუნა ვერე“ და ა.შ.). „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, კობიაშვილი ბიძინა ივანიშვილის დისშვილია და ის „ივანიშვილის საქართველოში მოქმედი ოფშორული კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელია“.
ინფორმაციისთვის, უტა ივანიშვილი სახელი დაკავშირებულია „ქართუ ბანკთან“. Reportal-ზე არსებული მონაცემების მიხედვით, ბოლო, 2023 წლის მდგომარეობით, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ „ქართუს ჯგუფის“ აქციების 100%−ს ფლობს. ჯგუფის საბოლოო მაკონტროლებელი მხარე კი უტა ივანიშვილია.
ამასთანავე, უტა ივანიშვილის სახელზეა რეგისტრირებული მოსკოვში არსებული სახლი. Organized Crime and Corruption Reporting Project-ი 2024 წლის აგვისტოში წერდა, რომ რუსეთში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ჯამურად 14.7 მილიონ დოლარად არის შეფასებული, მათ შორის არის 2 სახლი და 2 მიწის ნაკვეთი. აქედან ერთ-ერთი მოსკოვის გარეუბანში მდებარეობს და ის მის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძისა და უტა ივანიშვილის სახელზეა გაფორმებული.
შეგახსენებთ, „ატუ ჰოლდინგის“ დაფუძნებას წინ უძღოდა 2024 წლის 27 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესება, რომელიც არ ვრცელდებოდა ივანიშვილის ოჯახის წევრებზე.
2025 წლის 13 იანვარს გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატამ აღმასრულებელ ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მიზნით მიმართა. ინიციატივას ამჟამად თემთა პალატის 18 წევრის ხელმოწერა აქვს. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, თუ ბრიტანეთი სანქციებს დაუწესებს ივანიშვილსა და მისი ოჯახის წევრებს, სანქციების რეჟიმის ქვეშ მოექცევა 95-ზე მეტი ქართული კომპანია, მათ შორის“
„გაერთიანებულ სამეფოში შედის ე.წ. ოფშორული ტერიტორიები: ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები და კაიმანის კუნძულები, სადაც ბიძინა ივანიშვილის კომპანიებია დარეგისტრირებული. გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით, მის მიერ დაწესებული სანქციები ამ ოფშორულ ტერიტორიებზეც ვრცელდება“, - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.