ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის სახელზე, 20 იანვარს ახალი კომპანია დარეგისტრირდა

ბიძინა ივანიშვილის ცოლმა ეკატერინე ხვედელიძემ 2025 წლის 20 იანვარს ახალი კომპანია დაირეგისტრირა. ამის შესახებ მეწარმეთა რეესტრიდან ირკვევა.

კერძოდ, რეესტრის მონაცემებით, 2025 წლის 20 იანვარს დაფუძნდა სააქციო საზოგადოება „ლუსოლი“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძეა, დირექტორი გელა კობერიძე.

სააქციო საზოგადოება „ლუსოლის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნუგზარ დეკანოიძე, წევრები კი ვეფხვია დვალი და შოთა კობიაშვილი არიან.

ბიძინა ივანიშვილს ბიზნესწილები ოფშორებიდან საქართველოში გადმოაქვს?!

შეგახსენებთ, რომ იქამდე 2024 წლის 31 დეკემბერს, რეესტრში ბიძინა ივანიშვილის შვილის უტა ივანიშვილის სახელზე ახალი კომპანია სააქციო საზოგადოება „ატუ ჰოლდინგი“ დარეგისტრირდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ კომპანიაზე გადაფორმდა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორში, ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანია.

ასევე 2024 წლის 31 დეკემბერს, შპს-ზე „ტერა“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილია, გადაკეთდა სააქციო საზოგადოებად, რომლის საკუთრებაშიც გადაფორმდა ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული, პანამაში რეგისტრირებული კომპანიის Limestone Finance International-ის საკუთრებაში არსებული 7 კომპანია.

რეესტრში ასახული ამ ცვლილებების შესახებ ააიპ "საგამოძიებო ბიუროს" ხელმძღვანელი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ სანქციების შიშით, ბიძინა ივანიშვილმა გასული წლის ბოლოს, ოფშორებიდან საკუთარი ბიზნესწილების საქართველოში გადმოტანა დაიწყო. კერძოდ, მის სახელზე რეგისტრირებულ კომპანიაზე „ტერაზე“ გადააფორმა პანამაში რეგისტრირებული ბიზნესები; შვილის-უტა ივანიშვილის კომპანიაზე დაარეგისტრირდა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიები, ხოლო ამჯერად უკვე მეუღლის - ეკატერინე ხვედელიძის სახელზე დარეგისტრირებულ ამ ახალ კომპანიაზე „ლუსოლი“,კაიმანის კუნძულებზე არსებული ბიზნესების გადმოფორმებას გეგმავს.

თაია არდოტელი