თბილისში პარკირებაზე 2024 წელს გამოწერილმა ჯარიმებმა 17 მლნ ლარს გადააჭარბა.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-დეკემბერში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 17 031 372 ლარი შევიდა, მაშინ როცა 2023 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი - 19 024 257 ლარი იყო. გამოდის, რომ წლიურად მაჩვენებელი შემცირებულია.
ამასთან, ამავე მონაცემებით ირკვევა, რომ მხოლოდ დეკემბერში სახელმწიფო ბიუჯეტში თბილისის მასშტაბით, არასწორი პარკირების გამო დაწერილი ჯარიმებით 997 167 ლარი შევიდა.
ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 218 092 463 ლარი შევიდა, 2023 წელს კი - 216 400 430 მლნ ლარი.