„ავარიებით საქართველოში ყოველწლიურად ერთი სოფლის მოსახლეობის რაოდენობა იღუპება“

„ავარიებით წელიწადში ერთი სოფლის მოსახლეობის რაოდენობა იღუპება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ეკონომისტი სოსო არჩვაძე აცხადებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2024 წლის 9 თვის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით 1 563 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც დაშავდა 2 045 და გარდაიცვალა 125 ადამიანი. თუ გადავხედავთ გასული 5 წლის მონაცემებს, ყოველწლიურად ავარიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 400-450-ის ფარგლებში მერყეობს.

sikvdili-1737465450.jpg

„ავარიების შედეგად წელიწადში ერთი სოფლის რაოდენობის ადამიანი იღუპება. იმ სოფლების მიხედვით, რომელიც საქართველოში არის წინა აღწერების მიხედვით, მცხოვრებთა რაოდენობა საშუალოდ 400-ის ფარგლებშია იყო. არის სოფლები, სადაც რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ამავე დროს, არის სოფლები, სადაც რამდენიმე პიროვნებაა და 2014 წლის აღწერით, დაახლოებით 123 სოფელში ერთი ადამიანიც აღარ ცხოვრობდა. ახალი აღწერით, რა მდგომარეობა იქნება ამას ივნისის შემდეგ გავიგეთ ეტაპობრივად“, - ამბობს სოსო არჩვაძე.

ეკონომისტი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში მცირედით იკლებს ავარიების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, თუმცა მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით (იმ ფონზე რომ მოსახლეობის რაოდენობაც იკლებს) მონაცემები არსებით გაუმჯობესებას არ აჩვენებს.

„ბოლო წლებში ავარიების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა, ამ პერიოდში შემცირდა საქართველოს მოსახლეობაც. რეალურად ავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით დიდად არ შემცირებულა. ავარიების რაოდენობას თავისი მიზეზები აქვს - ერთი ის არის, რომ ავტომობილების რაოდენობა იზრდება და ავტომობილების ზრდა წინ უსწრებს ავტობანებისა და ცალმხრივი მოძრაობის გზების მშენებლობას. ერთ მაგისტრალურ გზის ერთეულზე სულ უფრო და უფრო მეტი ავტომობილი მოდის, ამას ემატება საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია და სატვირთო ტრანსპორტის დიდი რაოდენობა, რაც ავარიების რისკებს ზრდის“, - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

მერი ტაბატაძე