სანქციები არ მახარებს.. არ მგონია, რომ მემუქრება, მე ამერიკა ვერ დამასანქცირებს - ირაკლი რუხაძე

„სანქციები არ მახარებს, თუმცა, არ მგონია რომ სანქციები მემუქრება, მე ამერიკა ვერ დამასანქცირებს,“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში, აშშ-ს მიერ მისი შესაძლო სანქცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, იანვრის 1-ელ კვირაში, რადიო „თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან მარ­კო რუ­ბი­ოს კონ­გრე­სი­დან გა­უგ­ზავ­ნეს წე­რი­ლი, სადაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბების“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ. გამოცემის ცნობითვე, ამ წერილში მოხვდა 25 ადა­მი­ა­ნი - „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ ქსელი“, რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“. ამ 25 ადამიანს შორის კი ერთ-ერთი სწორედ ირაკლი რუხაძეა.

„სანქციები არ მახარებს... არ მგონია რომ სანქციები მემუქრება, მაგრამ ამ სიტუაციაში, ამ ფორმაში რომ ვარ, არ მახარებს. მე დამასანქცირა უკრაინამ, რომელიც ძალიან მიყვარს. წამოუდგენელი ტრაგედია იყო ჩემთვის როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, მე რომ ეს ქვეყანა მასანქცირებს და მე რომ ჩემს მეგობრებს ბოდიში უნდა ვუხადო, ეს ჩემთვის არის მძიმე... იმასაც გეტყვით, რომ უამრავი უკრაინელი მეგობარი აქეთ მიხდიდა ბოდიშს, რადგან ძალიან კარგად იციან რა ხალხმა დამასანქცირა და რატომ. პირველად რომ უკრაინის სანქციების სიაში მოვხვდი, მაშინვე დამიკავშირდა ვიღაც იურისტი უკრაინიდან და მითხრა რომ ამომიყვანდა სანქცირებულთა სიიდან მილიონი დოლარის სანაცვლოდ, რა თქმა უნდა უარი ვუთხარი.. ეს არის საქართველოსთან მობმული კუდი, რომელიც მერე უკრაინამდე მივიდა. რა თქმა უნდა უკრაინის სანქციები არ მადარდებს, გარდა იმისა რომ ადამიანურად მიყვარს ეს ქვეყანა.

რაც შეეხება ამერიკის სანქციებს, მე ამერიკა ვერ დამასანქცირებს, იმიტომ რომ სანქციის აზრი იკარგება. ამერიკა თავის მოქალაქეს არ ასანქცირებს. შეიძლება სხვა ქვეყანამ დამასანქციროს, მაგრამ რომელი ქვეყნის მოქალაქეც ვარ ის ქვეყანა ვერ დამასანქცირებს. ეს წერილი იყო დაწერილი ერთი რამისთვის, იქ მოხვდა დიდი სია ადამიანების, რომელიც ერთად აღებული ვაკონტროლებთ ეკონომიკის უზარმაზარ ნაწილს. ეს სია კიდე გაიზრდება - მე მგონია რომ მიდის მცდელობა დაანგრიონ საქართველოს ეკონომიკა. ამის მიზეზი მარტივია - ჩვენ ვიცით რომ თუ ეკონომიკა კარგად მიდის ხალხი მთავრობას არ ცვლის. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიაც გვაქვს, სიტყვის თავისუფლებაც გვაქვს, კორუფციის ინდექსით ყველას ვუგებთ, ბიუჯეტის გამჭვირვალობით ყველას ვუგებთ, წარმოუდგენელი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და დოვლათი იქმნება. ეს რომ შეიცვალოს ალტერნატიული რეალობა უნდა შექმნას ოპოზიციამ, უნდა თქვას რომ ცუდათ ვართ, ეკონომიკა დაინგრევა..

მე კი არ მეშინია სანქციების, საქართველოს მოსახლეობის დაშინება ხდება ამ წერილით. პირდაპირ არის მოწოდებები -გამოიტანეთ დეპოზიტები ბანკებიდან, ეკონომიკა ცუდათ იქნება... მე მიგდებენ, როდესაც გიორგი ქადაგიძე გამოდის და დაიწყებს ბანკების გინებას, მიგდებენ როდესაც ვიღაც დაწერს რომ დოლარში დეპოზიტები გამოიტანოს ხალხმა... ამას მე მერე ეროვნულ ბანკს ვუგდებ. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ეს არის ეკონომიკური საბოტაჟი და ოცნებამ უნდა დასაჯოს ეს ხალხი. მაგრამ მე არა ვარ მთავრობის ნაწილი. სწორედ ამიტომ ხდება ამ სიების შედგენა, რომ ხალხო გეშინოდეთ ეკონომიკა დაინგრევა,“ - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.