„ადამიანები ცდილობენ რისკები დააზღვიონ და დანაზოგები სტაბილურ ვალუტაში გადაიყვანონ - ამით ხელს უწყობენ ლარის გაუფასურებას“ - ლადო პაპავა

მოსალოდნელი სანქციების გამო ადამიანები ცდილობენ რისკები დააზღვიონ და დანაზოგები სტაბილურ ვალუტაში გადაიყვანონ - ამის შესახებ აკადემიკოსმა ლადო პაპავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. თუმცა მისივე თქმით, თუ სიტუაცია არ შეცვალა, ანუ ფაქტობრივად, სტაუს-ქვო დარჩა, მაშინ ლარს არაფერი არ ემუქრება.

„დავიწყოთ მოსალოდნელი სანქციებით - თავისთავად, სანქცია კარგი არ არის, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ის. თუ სანქციები ეხებათ მაღალი თანამდებობის პირებს, პასუხისმგებელ პირებს, რა თქმა უნდა, ცუდია. თუმცა შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკაზე სანქციებს უშუალო გავლენა არ ჰქონდეს. სანქციები უკვე დაწესებულია, მაგრამ ამას გავლენა ეკონომიკაზე არ მოუხდენია. მაგრამ, როდესაც სანქციების რაღაც პაკეტია მიღებული, მაშინვე ჩნდება განცდა და მოლოდინი, რომ ხომ არ იქნება სანქციების შემდგომი პაკეტი. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის წინააღმდეგ, რომელმაც ომი დაიწყო უკრაინაში და ფაქტობრივად, ოკუპანტი ქვეყანაა, დასავლეთმა სანქციების 15 პაკეტი მიიღო.

საბედნიეროდ, საქართველო არავის დასხმია თავს და სანქციები არ იქნება იმ მასშტაბის, როგორც რუსეთში. მაგრამ მოლოდინია, რომ სანქციები გამძაფრდება, რადგან ამაზე განცხადებებს დასავლელი პოლიტიკოსები აკეთებენ და ითხოვენ სანქციების დაწესებას. ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ იქნება სხვა სანქციებიც, თუმცა გააჩნია, რა მასშტაბის.

მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც სანქციებზეა საუბარი, ეს ზრდის რისკებს. რისკების დაზღვევა როგორ ხდება - პირველ რიგში, რისკების დაზღვევის დროს ადამიანები ცდილობენ, ბიზნესი ცდილობს თავისი ანგარიშები, დანაზოგები გადაიყვანონ სტაბილურ ვალუტაში. ასეთი ვალუტაა დღეს აშშ დოლარი. ბუნებრივია, ეს აისახება ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე და ჩვენ ამას ვხედავთ, მაგრამ აქაც სიტუაცია დრამატული ნამდვილად არ არის“, - განაცხადა ლადო პაპავამ „360 გრადუსში“.

თუმცა მისივე თქმით, ლარის გაუფასურება მხოლოდ სანქციების მოლოდინთან არ არის დაკავშირებული. ის ირიბად ბმაშია იმ სიტუაციასთან, რაც ქვეყანაში ხდება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ თითქმის ორი თვეა იმართება ყოველდღიური საპროტესტო აქციები. აქციები გარკვეულ საფრთხეებს ქმნის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ბუნებრივია, ადამიანები ცდილობენ, თავი დაიზღვიონ, რისკები შეამცირონ და დანაზოგი გადაიყვანონ უცხოურ ვალუტაში. ამით კიდევ უფრო ზრდიან მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე და ხელს უწყობენ ლარის გაუფასურებას.

თუმცა, ლარს ცუდი არაფერი ემუქრება, თუ სიტუაცია არ შეიცვალა და იგივე მდგომარეობაში დარჩა ქვეყანაში, როგორშიც დღესაა“, - დასძინა პაპავამ.

ცნობისათვის, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლარის დოლართან მიმართებით თითქმის 2 თეთრით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 16 იანვრისთვის დადგენილი კურსით ერთი აშშ დოლარი 2.8446 ლარი ღირდა, დღეს დადგენილი კურსით კი ერთი დოლარის ღირებულება 2.8612 ლარია.