„მომავალში სავარაუდოა ფასების საერთო დონის უფრო სწრაფი ზრდა,“ - Gnomon Wise-ის კვლევის მიხედვით, ფასების ზრდის მოლოდინი აქამდე „გატარებულ პოლიტიკასა და გასული წლის მიწურულს ინფლაციის ტემპის აჩქარებას ეფუძნება“.
კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში გასულ წელს სამომხმარებლო ფასების ზრდა საშუალოდ 1.1% იყო, ხოლო წლის დასაწყისში უფრო დაბალ ნიშნულს იკავებდა. 2024 წლის პირველ კვარტალში ინფლაციის დონე საშუალოდ 0.3% იყო, რაც წლის ბოლო კვარტალში საშუალოდ 1.1%-მდე აჩქარდა.
„გასული წლის დეკემბერში წლიურად სამომხმარებლო ფასების დონე 1.9%-ით გაიზარდა. წლის ბოლოს ინფლაციის აჩქარება წინა პერიოდში გატარებული ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკის შედეგია, რომელიც მომავალში უფრო მაღალი ინფლაციის მოლოდინის საფუძველს ქმნის.
სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდაში მაღალი კონტრიბუციით გამოირჩეოდა სურსათი, რომლის წონა ფასების ინდექსში 30.4%-ია. სურსათზე ფასების დონე წლის დასაწყისში მცირდებოდა, მაგრამ წლის მიწურულს იზრდებოდა. 2024 წლის დეკემბერში სურსათის სასაქონლო ჯგუფში ფასების ზრდა 3.3%-ს აღწევდა, რაც ნოემბერში 2.7%-ს შეადგენდა.
სამომხმარებლო კალათაში სურსათი უმეტესობისთვის, განსაკუთრებით, შედარებით ღარიბი მოსახლეობისთვის, მნიშვნელოვანი კომპონენტია. ღარიბი შინამეურნეობის მოხმარებაში სურსათს უფრო დიდი წილი უჭირავს, ვიდრე შედარებით მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახის შემთხვევაში. ამიტომ სამომხმარებლო ფასების ზრდას და განსაკუთრებით, სასაქონლო ჯგუფში ფასების მატებას გაცილებით უარყოფითი გავლენა აქვს შედარებით ღარიბ ოჯახებზე, რადგან მათი მოხმარების ყველაზე მნიშვნელოვან საქონელზე ხელმისაწვდომობა მცირდება,“ - ვკითხულობთ Gnomon Wise-ის კვლევაში.