სად რა ღირს ბინები - თბილისის იაფი და ძვირი უბნები

2024 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.4 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 54.3 პროცენტით არის გაზრდილი. ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

„საქსტატის“ ცნობით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა, როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (4.7 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (6.7 პროცენტი). 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 9.8 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 12.3 პროცენტით.

გთავაზობთ, თბილისის უბნების მიხედვით, სად რა ღირს ბინა. ჩამონათვალში მოცემულია 1 კვ.მეტრის ღირებულება სხვადასხვა უბანში:

  • მთაწმინდა - 1 კვ.მ. 5 987 ლარი;
  • ვაკე - 1 კვ.მ. 5 451 ლარი;
  • საბურთალო - 1 კვ.მ. 4 174 ლარი;
  • ჩუღურეთი - 1 კვ.მ. 3 945 ლარი;
  • დიდუბე - 1 კვ.მ. 3 854 ლარი;
  • კრწანისი - 1 კვ.მ. 3 760 ლარი;
  • ნაძალადევი - 1 კვ.მ. 3 739 ლარი;
  • გლდანი - 1 კვ.მ. 3 569 ლარი;
  • ისანი - 1 კვ.მ. 3 513 ლარი;
  • სამგორი - 1 კვ.მ. 3 391 ლარი.
თაია არდოტელი