„კატასტროფული მდგომარეობაა, თებერვალი უარესი იქნება - 6 თვეში 9 სასტუმრო დავხურე“ - შალვა ალავერდაშვილი

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, თბილისში სასტუმროების დატვირთულობა ამ ეტაპისთვის მხოლოდ 20%-ს აღწევს.

როგორც ალავერდაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, დეკემბერ-იანვარში სასტუმროების დატვირთულობა წლიურად 40%-ის ფარგლებში შემცირდა.

„თბილისის სასტუმროებში კატასტროფული მდგომარეობაა. როგორც დეკემბერში, ასევე იანვარში წლიურად 35-40% კლება ფიქსირდება. ტურისტი თითქმის არ არის. ამ ეტაპისთვის თბილისის დატვირთულობა 20%-ს არ სცდება. საშუალო ფასი კი არ აღემატება 55 დოლარს. ბოლო 6 თვეში 9 სასტუმრო დავხურე“, - აღნიშნავს ალავერდაშვილი.

კითხვაზე, როგორია მოლოდინები მომავალი პერიოდისთვის, ალავერდაშვილი პასუხობს, რომ „თებერვალი უარესი იქნება“.

მანვე აღნიშნა, რომ რეგიონებში იანვრის 10 რიცხვამდე შედარებით მაღალი დატვირთულობით მუშაობდა გუდაურის სასტუმროები, თუმცა ახლა თოვლის დნობის გამო პროცესები შენელდა.

„გუდაურს 10 იანვრამდე კარგად იყო დატვირთული. თოვლის გამო შენელდა ახლა დატვირთვები“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

მერი ტაბატაძე