თბილისის ახალი სტადიონის ასაშენებლად აეროპორტის და რუსთავის მიმართულებაა შერჩეული - მშენებლობა 2026 წლის აპრილში დაიწყება

„თბილისის ახალი სტადიონის ასაშენებლად აეროპორტის და რუსთავის მიმართულებაა შერჩეული“. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სამთავრობო კომისიის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი სტადიონი 70 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სტადიონზე არამხოლოდ საფეხბურთო და სარაგბო მატჩები გაიმართება, ახალ სტადიონზე უმაღლესი დონის კონცერტების გამართვის შესაძლებლობაც იქნება და ასევე, იქნება უზრუნველყოფილი საკონვენციო ცენტრის არსებობა.

„როგორც მოგეხსენებათ, დაანონსებული გვაქვს თბილისში ახალი მასშტაბური სტადიონის მშენებლობა, რომელიც დაიტევს 70 ათას მაყურებელს. ამას აქვს სხვადასხვა საფუძველი. პირველ რიგში, არის მაღალი მოთხოვნა საგანგებო მნიშვნელობის მქონე მატჩებზე. დინამოს სტადიონი იტევს მხოლოდ 54 ათას მაყურებელს. მოთხოვნა არის ბევრად მეტი, როცა საქმე ეხება საფეხბურთო ნაკრების მატჩებს. ამ მოთხოვნის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, ახალი, უფრო მასშტაბური, სტადიონის არსებობა ჩვენს დედაქალაქში. გარდა ამისა, ეს იქნება ერთგვარი საიმიჯო პროექტი, რომელიც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე. იქნება რეზონანსული პროექტი. ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანა გახლავთ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა ახალ სტადიონზე. ესეც საიმიჯო კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს სტადიონი განკუთვნილი იქნება როგორც საფეხბურთო, ისე სარაგბო მატჩებისთვის. ასევე, აქ იქნება უზრუნველყოფილი ახალი საკონცერტო ინფრასტრუქტურა. ამ კუთხითაც მოქმედი ინფრასტრუქტურა არის პრობლემური. ჩვენ ახალ სტადიონზე გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ დედაქალაქში, უმაღლესი დონის კონცერტებს ვუმასპინძლოთ. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა ტურისტული თვალსაზრისითაც გაიზრდება, ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის შედეგად. ეს იქნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა და გარდა სასპორტო და საკონცერტო დატვირთვისა, აქ იქნება უზრუნველყოფილი საკონვენციო ცენტრის არსებობა. დღეს ქვეყანას არ აქვს ე.წ. საგამოფენო-საკონვენციო ცენტრი, სადაც ასეთი ტიპის, მაღალი რანგის ღონისძიებებს შეიძლება უმასპინძლოს ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა დედაქალაქმა.

დღეს კომისიის სხდომაზე შევჯერდით იმასთან დაკავშირებითაც, რომ ჰოლანდიური კომპანია გაგვიწევს საკონსულტაციო მომსახურებას. შემუშავდება მასტერპლანი, ახალი სტადიონისთვის კონცეფცია ჩვენს ჰოლანდიელ პარტნიორებთან ერთად, რომელსაც, ამ სტადიონის კონცეფციის შემუშავების პროცესში ჩართული ეყოლება „უეფას“ექსპერტები. როცა სტადიონის მშენებლობას მსვლელობა მიეცემა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ისინი გაგვიწევენ საკონსულტაციო მომსახურებას. უახლოეს დღეებში გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

დღეს გვქონდა საუბარი ლოკაციაზე და სხვადასხვა ალტერნატიული ლოკაცია განვიხილეთ. არ გავუსწრებთ წინ მოვლენებს, დაველოდებით ჰოლანდიურ კომპანიას. მათი რჩევა იქნება მნიშვნელოვანი ლოკაციის შერჩევის პროცესშიც. ამ ეტაპზე არის ორი ძირითადი ლოკაცია შერჩეული. ორივე არის ოპტიმალური და ამ ორიდან ერთ-ერთზე შევჯერდებით. დაველოდებით ჰოლანდიური კომპანიის რჩევა.

ახალი სტადიონის ლოკაციას რაც შეეხება მიმართულებები დაახლოებით შემიძლია გითხრათ. ეს არის აეროპორტის და რუსთავის მიმართულება. ამ ორი მიმართულებით მიდის მსჯელობა ლოკაციებს ვერ დაგიკონკრეტებთ. მას შემდეგ რაც ჰოლანდიურ კომპანიასთან ერთად შეირჩევა კონკრეტული ლოკაცია, შეგვეძლება ამის დაზუსტებაც.

რაც შეეხება ვადებს, ჯერ კონცეფცია, შემდეგ არქიტექტურული პროექტია მოსამზადებელი, ვვარაუდობთ მომავალი წლიდან, კერძოდ, 2026 წლის აპრილში უშუალოდ მშენებლობის დაწყება არის რეალური. მშენებლობის დასრულების ვადად კი 2028 წლის ბოლო გვაქვს განსაზღვრული,“- განაცხადა კობახიძემ.