ვის ეკუთვნის 10 უმსხვილესი კომპანია, რომელიც რუსეთიდან იმპორტს ახორციელებს

2024 წელს საქართველოში 16.8 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საქონლის იმპორტი განხორციელდა. ამავე პერიოდში იმპორტული პროდუქციის უდიდესი ნაწილი თურქეთიდან, აშშ-დან, რუსეთიდან, ჩინეთიდან და გერმანიიდან შემოვიდა. რუსეთის წილი მთლიან იმპორტში 11%-ს აღწევდა. საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში 1.8 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საქონლის იმპორტი განხორციელდა.

„ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთიდან იმპორტის უდიდეს ნაწილს შემდეგი 10 კომპანია ახორციელებს: შპს SPG თრეიდინგი, შპს „ბლექ სი პეტროლიუმ“, შპს „კადევე საქართველო“, შპს „ლუკოილ-ჯორჯია“,სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, შპს „პიემ მეტალ“, შპს „რეპსოლი“,შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ („გალფი“), შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ და შპს „ჯორჯიან მანგანეზი“.

ვის ეკუთვნის 10 კომპანია, რომელმაც 2024 წელს რუსეთიდან ყველაზე მეტი ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა:

შპს SPG თრეიდინგი - საჯარო რეესტრში 2013 წელს დარეგისტრირდა, კომპანიის დირექტორი პაატა ვადაჭკორიაა. კომპანიის წილებს ვირჯინიის კუნძულებზე არსებული შპს „ნორთჰემპტონ ოვერსი“ ფლობს;

შპს „ბლექ სი პეტროლიუმ“ – კომპანია რეესტრში 2022 წელს დაფუძნდა. წილებს სრულად შპს „მკ კაპიტალი“ ფლობს, რომლის წილების 70%-ს მაკა ასათიანი, 30%-ს კი შპს „თრეიდ სთოუნ იბერია“ ფლობს;

შპს „კადევე საქართველო“ – 2016 წელს რეგისტრირებული კომპანიის დირექტორი ბესარიონ ჭანტურიაა. კომპანიის წილებს სრულად ფლობს რუსული სააქციო საზოგადოება „კადევე“;

შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ - კომპანიის დირექტორი რუსეთის მოქალაქე რომან პეტრაშოვია. წილებს სრულად ავსტრიაში დაფუძნებული კომპანია შპს LUKOIL INTERNATIONAL GMBH ფლობს;

სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ – ანგარიშგების პორტალზე ბოლო, 2023 წლის მონაცემების მიხედვით, სააქციო საზოგადოება 2022 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის აქციონერები არიან: შპს „გლობალ ინვესტორს ლიმიტედ“ (მალტა) 61.95%-იანი წილით; შპს „სტანდარტ ოილ ჰოლდინგი“ (საქართველო) 10.87%-იანი წილით, ლევან ფხაკაძე (საქართველო) 2.18%-იანი წილით და შპს „ჰელვეცია პეტროლიუმ“ (მალტა) 25%-იანი წილით. სამეთვალყურეო საბჭო კი შედგება სამი წევრისგან: სამსონ ფხაკაძე (თავმჯდომარე), ლევან ფხაკაძე (წევრი) და ნუგზარ აბრამიშვილი (წევრი).

შპს „პიემ მეტალ“ – რეესტრის მიხედვით, 2019 წელს რეგისტრირებული კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილების მფლობელი გიორგი მირიანაშვილია.

შპს „რეპსოლი“ - კომპანიის წილებს სრულად უჩა ლურსმანაშვილი ფლობს, დირექტორი კი გრიგოლ გეორბელიძეა. შპს 2014 წელს დაფუძნდა.

შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ („გალფი“) - კომპანია რეესტრში 2010 წელს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი ამერიკის მოქალაქე ქრეიგ სთივენ ქრამერია, წილებს კი სრულად აშშ-ში დაფუძნებული კომპანია შპს Energy Investment Venture Holdings-ს ფლობს.

შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ – რეესტრის თანახმად, წილების 20%-ს შპს „ჯორჯიან ეარ სერვისი“, დარჩენილ 80%-ს კი დავით გაიაშვილი ფლობს.

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ - კომპანიის წილებს ლუქსემბურგში დაარსებული შპს „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ“ ფლობს. კომპანიის სპეციალური მმართველი ბესიკი კირთაძეა, დირექტორი კი ლავრენტი თუთბერიძე.

(შენიშვნა - იმპორტიორები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული)

მერი ტაბატაძე