ეს იქნება კატასტროფა - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ ლურჯი მოცვის ბაღების, კომპანია „ნომას“ დამფუძნებელი როდამ ოქროპირიძე რუსეთის მიერ ხილისა და კენკრის იმპორტის შესაძლო შეზღუდვა/აკრძალვის საკითხის განხილვას.
„თუ ქართული კენკროვანი ხილი რუსულ ბაზარზე არ შეუშვეს, ცხადია, ეს იქნება კატასტროფა. საქართველოდან მოცვის 90% სწორედ რუსეთში გადის. დღევანდელი სტატისტიკით ევროპის და აზიის ქვეყნების დატვირთვა მხოლოდ 6%-ია“, - განაცხადა როდამ ოქროპირიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის ფედერაციის საბჭომ მთავრობას მიმართა წინადადებით ქვეყანაში ხილისა და კენკრის იმპორტის შეზღუდვის ან მთლიანად აკრძალვის შესახებ. მიზეზად ხარისხის სტანდარტების დარღვევა დაასახელა.
ამასთან, ფედერაციის საბჭოს განცხადებით, ხილისა და კენკრის იმპორტის შეზღუდვა ხელს შეუწყობს რუს მწარმოებლებს, რომლებმაც სასურსათო უსაფრთხოების დოქტრინით განსაზღვრულ თვითუზრუნველყოფის 60%-იან დონეს ვერ მიაღწიეს და ამჟამად ეს მაჩვენებელი 46,7%-ს შეადგენს. საკითხის განხილვა მეორე კვარტალში იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ რუსეთში „არამეგობრული“ ქვეყნებიდან ხილისა და კენკრის იმპორტი უკვე აკრძალულია. ახალი ინიციატივით კი აკრძალვა „მეგობარ“ ქვეყნებსაც შეეხებათ.
საქართველო რუსეთის „არამეგობარი“ ქვეყნების ჩამონათვალში არ არის, შესაბამისად, ქართული ხილი და კენკრა ჩრდილოეთის ბაზარზე დღემდე შეზღუდვების გარეშე შედის. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროდუქტის მთავარი იმპორტიორიც სწორედ რუსეთია. მაგალითად, ქართული ლურჯი მოცვის თითქმის 90% სწორედ რუსულ ბაზარზე ხვდება.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს ქვეყნიდან ექსპორტზე 27. 808 მლნ დოლარის ღირებულების (4 953 ტონა) ლურჯი მოცვი გავიდა, აქედან 24.276 მლნ დოლარის (4 268 ტონა) მხოლოდ რუსეთში. ანუ ქართული მოცვის 87% მხოლოდ ერთ ბაზარზე - რუსეთში მოხვდა.
მოცვის ექსპორტით მეორე ადგილზეა გერმანია, სადაც გასულ წელს 1.805 მლნ დოლარის ღირებულების (358 ტონა) მოცვი გავიდა, მესამე ადგილზეა არაბთა გაერთიანებული საამიროები - 600.8 ათასი დოლარით (73 ტონა). ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედიან - პოლონეთი, სადაც 2024 წელს 360.4 ათასი დოლარის (83 ტონა) ღირებულების მოცვი გავიდა და სომხეთი, სადაც შარშან 269 ათასი დოლარის (70 ტონა) მოცვი გავყიდეთ.