„რაც ახლა ეკონომიკაში ხდება, არ არის კატასტროფული“ - რა ელის ლარს, თუ პოლიტიკური კრიზისი თვეობით გაიწელა

ბოლო დღეებში კვლავ უფასურდება ლარი, რასაც ეკონომისტები პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემების გამოძახილად მიიჩნევენ. ბიზნესი უკვე საუბრობს პრობლემებზე. სადამდე მივა ყოველივე ეს და როგორ აისახება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ამ საკითხებზე ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ სოსო არჩვაძეს ვესაუბრეთ.

- ზოგადად ეკონომიკურ მდგომარეობაზე რომ ვისაუბროთ - რაც არ უნდა სწორი, გამართული იყოს ეკონომიკური პოლიტიკა, მეტი ფულადი ტრანზაქცია შემოდიოდეს და ექსპორტიც იმპორტთან შედარებით მაღალ დონეზე იყოს, თუ სიტუაციის პოლიტიკური მდგენელი მყარი არ არის, ეკონომიკის პოზიტიური ეფექტი შედარებით ხანმოკლეა - ანუ არასტაბილური პოლიტიკური ვითარება უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკაზე და ამიტომ უპირველესად მის განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ, არა არსებული საგადასახადო-საბიუჯეტო კოდექსის, არამედ იმის მიხედვით, თუ როგორია სოციალური თანხმობა საზოგადოებაში ერთიანი განვითარების პერსპექტივის, ზოგადად, სამოქალაქო განვითარების თვალსაზრისით. პირველად ამას უნდა მიექცეს ყურადღება და შემდეგ ამაზე არის აწყობილი ყველაფერი. ერმაც და ბერმაც პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს საკუთარი ქვეყნის აწმყოსა და მით უმეტეს, მომავლის მიმართ და კონსენსუსი იქნეს მიღწეული. ეს ერთი აუცილებელი მომენტი. მეორე - კვირის ბოლოს მედიასაშუალებებით გავრცელდა, რომ ბიზნესმენები შეიკრიბნენ, ისაუბრეს და აქცენტი აქვთ გადატანილი პრობლემებზე, რთულად იქნება საქმეო, და მე გამახსენდა მერფის კანონი, რაც უფრო გეშინია რაღაცის, მით უფრო სავარაუდოა, რომ მოხდება. როდესაც ნეგატიური ენერგიის ან აზრების კონსპირირება ხდება რაიმე მიმართულებით, რომ იტყვიან, სიტყვას საკრალური მნიშვნელობა აქვს და მერე ის სრულდება. ამიტომ სიტყვითაც არ უნდა მოახდინო იმის დამკვიდრება, აჩქარებულ რეჟიმში გავრცელება, რამაც შეიძლება ნეგატიური შედეგები მოიტანოს. რეალობას უნდა შევხედოთ ობიექტური თვალით და ვეცადოთ იმ გზების მოძიება, რომლებიც პრობლემებს მოხსნის.

რაც ახლა ეკონომიკაში ხდება, არ არის კატასტროფული მდგომარეობა, თუმცა ნეგატიური ღრუბელი ეკონომიკის თავზე საკმაოდ მოქუფრულია და ამას უნდა გაფანტვა და არა ძახილი, რას დააზიანებს და რას მოიტანს ეს ღრუბელი.- სულ ის გვესმის, რომ ბიზნესი რისკებს უნდა თვლიდეს, და ეს ღრუბელი არ არის რისკი, ამაზე არ უნდა ილაპარაკონ?

- პრობლემების დაძლევაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული და არა იმის კონსტატაციაზე, რა პრობლემები შეიძლება შეგვხვდეს. განწყობასაც ხომ გააჩნია? პესიმისტსა და ოპტიმისტს შორის განსხვავებისა არ იყოს, ერთი რომ ამბობს, ჭიქა ნახევრად ცარიელიაო, ხოლო მეორე - ნახევრად სავსეო. ორიენტირებული იმაზე უნდა ვიყოთ, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა და უნდა ვიმოქმედოთ, რომ ეს ჭიქა ნახევრად კი არ იყოს სავსე, არამედ ბოლომდე იყოს ავსებული.

- თუ პრობლემას თავისი სახელი არ დაერქვა, ჭიქის ავსებაზე როგორ უნდა ვიფიქროთ? რაც ქვეყანაში ხდება, პასუხია `ოცნების~ ქმედებებზე.

- ეკონომიკის მიზანი უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტად იყოს დისტანცირებული პოლიტიკისგან. ყოველ შემთხვევაში, ეკონომისტებს არავინ წაართმევს უფლებას ისაუბრონ პოლიტიკაზე, მით უმეტეს, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც ბიუჯეტში ძირითადი გადამხდელები არიან - ბიუჯეტის შემოსავლების 4/5-ზე მეტს სწორედ ბიზნესი იხდის, ხოლო შედარებით მოკრძალებულია ფიზიკური პირების წილი. ამიტომაც აქვთ სურვილი, რომ თავისუფლება იგრძნონ. ხელისუფლების ამოცანაა მათ შეუქმნას პირობები განვითარებისა და ნორმალური ფუნქციონირებისთვის. თუმცა აბსოლუტური თავისუფლება ამაშიც არ არსებობს, რადგან სახელმწიფოს ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელია შემოსავლები. ამის მობილიზება ხდება სამეწარმეო საქმიანობით, აგრეთვე ცალკეული ადამიანების შემოსავლებიდან. მოსაძებნია ოქროს შუალედი, რათა სახელმწიფომაც იფუნქციონიროს ნორმალურად და ბიზნესმაც იგრძნოს მეტ-ნაკლები თავისუფლება. ქვეყანას სჭირდება სტაბილურად მზარდი საბიუჯეტო შემოსავლები. სახელმწიფომ კი უნდა იზრუნოს ამ ხარჯების რაციონალურ და ეფექტიან გამოყენებაზე. გააგრძელეთ კითხვა...