„გაიზარდა იმ ბიზნესების წილი, რომელიც პროდუქციაზე ფასის მატებას მომავალ 3 თვეში ვარაუდობს“ - ISET

2025 წლის პირველი კვარტლისთვის ბიზნესებს ნეგატიური მოლოდინები აქვთ. ISET-ის კვლევის თანახმად, ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 8.8 პუნქტით შემცირდა და -5.0-ს გაუტოლდა.

ამავე კვლევის მიხედვით, ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება მომსახურების (-21.5) სექტორში დაფიქსირდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და პესიმისტურმა მოლოდინებმა განაპირობა.

„ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, -9.9 პუნქტამდე შემცირდა. 2025 წლის I კვარტლისთვის მოლოდინების საგრძნობი შემცირება დაფიქსირდა სოფლის მეურნეობის (-50) და მომსახურების (-31.0) სექტორებში“, - აღნიშნულია კვლევაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასის მატებას საკუთარ პროდუქტზე, გაიზარდა.

„გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი 6.9-ით გაიზარდა და 20 პუნქტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასის მატებას საკუთარ პროდუქტზე, გაიზარდა“, - ვკითხულობთ ISET-ის ბიზნესის განწყობების შესახებ კვლევაში.

მერი ტაბატაძე