არაბული დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ი საქართველოში ორ პროექტს განახორციელებს, რაშიც ჯამში 5.7 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნულის შესახებ შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან ხელი უკვე მოეწერა.
როგორც არაბული ბიზნეს სიახლეების პლატფორმა Arabian Gulf Business Insight (AGBI) წერს, დაგეგმილი პროექტებიდან ერთი თბილისში, მეორე კი ბათუმში განხორციელდება. დედაქალაქში პროექტი „კრწანისის პარკი“ განხორციელდება. საუბარია საცხოვრებელ კორპუსსა და საოფისე ფართებზე, რომელიც 590 ჰექტარზე მოეწყობა.
რაც შეეხება ბათუმს, პროექტი „გონიოს მარანი“ 260 ჰექტარზე განხორციელდება. დაგეგმილი ინფრასტრუქტურა მოიცავს სასტუმროებს, სავაჭრო ცენტრებსა და ბრენდულ საცხოვრებლებს.
შეგახსენებთ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, EMAAR ჯგუფის მიერ (შვილობილი Emaar Properties/Eagle Hills) საქართველოში განხორციელდება 6 მლრდ დოლარის ინვესტიცია, რის შედეგადაც განვითარდება მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტები თბილისში, ბათუმსა და გონიოში.
„განხორციელდება ძალიან საინტერესო პროექტი. ეს არის მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტი, განვითარდება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა, ერთი მხრივ თბილისში, მეორე მხრივ ბათუმში, გონიოში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, კიდევ უფრო დააჩქარებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად მოიზიდავს სხვა ინვესტორებსაც ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა კობახიძემ.