რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტის, კოტე გაბრიჩიძის განცხადებით, სასტუმროები და რესტორნები ნაწილობრივი იხურება.
როგორც გაბრიჩიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, სარესტორნო ობიექტები სეზონიდან გამომდინარე დაბალი დატვირთვით მუშაობს, თუმცა, ამ მოცემულობას დაემატა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიც.
„მირეკავს ხალხი, რესტორანს ხომ არ დაათვალიერებდით, გავიდა დამქირავებელი და თავისუფალი გვაქვს ობიექტიო. სტატისტიკა არ გვაქვს, რამდენი პროცენტით გაიზარდა ან შემცირდა რესტორნების რაოდენობა.
მარტო ერთი პროცესი არ ახდენს გავლენას სარესტორნო ბიზნესში მიმდინარე მოვლენებზე. გარდა სამთო სათხილამურო კურორტებისა, ძირითადი ობიექტები ახლა არის დაბალ სეზონზე. ფაქტობრივად, არ მუშაობს ზღვის კურორტებზე არსებული ობიექტები, ასევე თბილისში, თელავსა და ქუთაისში მდებარე ობიექტები. ყველაზე დაბალი მოთხოვნა არის იანვარი, თებერვალი და მარტი - წლიდან წლამდე სულ ასეა ხოლმე.
ამ მოვლენებს ახლა დაემატა მეორე პარამეტრი, დაძაბულობა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. ფაქტია, რომ გასართობად ნაკლებად დადის ხალხი რესტორნებში, მაგრამ აქაც გააჩნია, რა ტიპის რესტორანია, სასადილოს ტიპის რესტორნები, საშაურმეები და სახინკლეები მუშაობს. ისინი დამოკიდებულები არ არიან სეზონზე. თუმცა, დროის გასატარებელი ობიექტები ნაკლებით დატვირთვით მუშაობს ახლა“, - განაცხადა გაბრიჩიძემ.
რაც შეეხება მოლოდინებს, გაბრიჩიძე აღნიშნავს, რომ აქვთ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მოლოდინები, თუმცა, ყველა სცენარისთვის მზად არიან.
„ბიზნესში ვინც მოვდივართ, პესიმისტები არ ვართ, ყველას აქვს სურვილი, რომ რაღაც კარგი გააკეთოს. გვინდა ყველაფერი კარგი, მაგრამ ცუდისთვისაც ყოველთვის მზად ვართ. ჩვენ ვართ დოვლათის შემქმნელი, ვასაქმებთ ხალხს და მომავალს ოპტიმიზმის თვალით ვუყურებთ. ვრისკავთ, კრედიტს ვიღებთ, ვსესხულობთ და ვაკეთებთ ბიზნესს. ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ. მე არ გესაუბრებით მილიარდერებზე, რომლებსაც ერთი ჯიბიდან მეორეში გადააქვთ ფული,“ - აღნიშნავს კოტე გაბრიჩიძე.