„საგანგაშო არაფერი ხდება - ლარი ხან გაუფასურდება, ხან გამყარდება, ეს ბუნებრივი პროცესია,“ - ამის შესახებ ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საუბრისას განაცხადა.
„რაც ლარის კურსთან დაკავშირებით ახლა მიმდინარეობს, ბუნებრივი პროცესია. ლარის კურსი თავისუფალი გაცვლითი კურსით რეგულირდება, შესაბამისად, ის ცოტათი ხან გადაიხრება, ხან გადმოიხრება, რაც ამ ტიპის ვალუტებს ახასიათებთ. საგანგაშო არაფერი ხდება.
განსხვავდება იმისგან, რაც შემოდგომაზე, წინასაარჩევნო პერიოდში გვქონდა, როდესაც მუდმივად გაუფასურების ტრენდი იყო. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს რამდენჯერმე ჩარევა მოუწია იმისთვის, რომ ლარის კურსი დაესტაბილურებინა. რატომ ჩაერია? იმიტომ, რომ მაშინ არ იყო ფუნდამენტური მიზეზები, რასაც შეიძლებოდა, პოტენციურად ლარის კურსზე ზეგავლენა მოეხდინა. ეს, ძირითადად, აჟიოტაჟური, ცრუ, ნეგატიური მოლოდინების შექმნის შედეგად იყო, რომლის ზეგავლენის ქვეშაც კერძო სუბიექტები მოექცნენ. მათ სწრაფად, ერთჯერადად დიდი რაოდენობის დოლარის შესყიდვა დაიწყეს. როგორც კი არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, როდესაც ცრუ მოლოდინებმა თავისი რესურსები ამოწურა, ლარმა გამყარება მაშინვე დაიწყო. შესაბამისად, თუ მაშინ ეროვნულ ბანკს უწევდა, რომ რეზერვები დაეხარჯა რათა ლარის კურსი დაესტაბილურებინა, უკვე ნოემბერ-დეკემბრის სტატისტიკაში გვაქვს მონაცემები, რომ, პირიქით, ეროვნულმა ბანკმა ეროვნული რეზერვების შევსება საკმაოდ დიდი რაოდენობით მოახდინა.
როგორც აღვნიშნე, რაც დღეს ხდება, ჩვეულებრივი პროცესია. ლარის კურსი ხან გაუფასურდება, ხან გამყარდება. ამდენად, განსაკუთრებული არაფერი ხდება. თუ წინა კვირაში მცირედით გაუფასურება გვქონდა, მიმდინარე კვირის დასაწყისიდან ვხედავთ, რომ ლარი გამყარებისკენ წავიდა,” – განაცხადა ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ „კვირას“ პრესკლუბში.