ახალი გვირაბები და ნიუ-ჯერსის ტიპის ბეტონ-ბარიერები - სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 22.5 კმ-იანი მონაკვეთი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს თბილისის შემოვლითი გზის 22.5-კილომეტრიანი პროექტი წარუდგინა. კერძოდ, საუბარია ავჭალა-აეროპორტის 22-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც შემოვლითი მაგისტრალის მთავარი მონაკვეთი იქნება.

სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 22.5 კმ-იანი მონაკვეთი

წარმოდგენილი სკოპინგის ანგარიში შეეხება E60 მაგისტრალის ავჭალიდან-თბილისის აეროპორტამდე მონაკვეთს.

საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, მაგისტრალის ამ მონაკვეთის მშენებლობა 300 მლნ დოლარი დაჯდება და პროექტისთვის დაფინანსების გამოყოფა აზიის განვითარების ბანკის მიერ მოხდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის დოკუმენტაციის თანახმად, გზის ავჭალა-აეროპორტის 22.5-კილომეტრიანი მონაკვეთი ყოფილი შემოვლითი რკინიგზის ტერიტორიაზე გაივლის. მონაკვეთი იწყება ავჭალის კვანძის შემდეგ და მიუყვება შემოვლითი რკინიგზისთვის მოწყობილი ინფრასტრუქტურის დერეფანს. ლილო-ავჭალას მიმართულებისთვის პროექტით გათვალისწინებულია არსებული ხიდების და გვირაბების “დუბლირება“ (პარალელური ანალოგიური კონსტრუქციების მოწყობა).

საზღვრებში დაგეგმილია 16 ხიდის (გასასვლელების/გზასატარების, საფეხმავლო გადასასვლელების და კვანძის შემადგენლობაში მოსაწყობის ჩათვლით), 4 კვანძის, 4 ახალი გვირაბის მშენებლობა და 4 არსებული გვირაბის ადაპტირება. ამასთან, პროექტის მიხედვით, ახალი 4 გვირაბის ჯამური სიგრძე იქნება 3.8 კმ. და არსებულ ხიდს (სიგრძე 921 მეტრი) გამოიყენებს. ამასთან პროექტისთვის გამოიყენება 4 არსებული გვირაბის 3.6-კილომეტრიანი სიგრძით.

საპროექტო გზის ძირითადი ტექნიკური პარამეტრები:

  • გზის სიგრძე - 22.5 კმ;
  • საპროექტო სიჩქარე - 120 კმ/სთ;
  • სავალი ზოლების რაოდენობა - 4 ზოლი;
  • სავალი ზოლის სიგანე - 3.75 მეტრი;

„დასახლებებთან შეუფერხებელი გადაადგილების და მაგისტრალზე წვდომის უზრუნველსაყოფად ლოტი 3-ის ფარგლებში 4 კვანძის მშენებლობაა დაგეგმილი. ყველა კვანძი მოიცავს ერთმალიან გზასატარს. კვანძები მოწყობილია დასახლებულ ზონასთან კავშირის შესანარჩუნებლად“, - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

ამასთან, დოკუმენტაციის მიხედვით, ყველა ხიდი რკინაბეტონის იქნება. პლატფორმის ორივე მხარეს მოეწყობა ნიუ-ჯერსის ტიპის ბეტონის ბარიერები. გზის მიმართულების გათვალისწინებით, გზის ერთ მხარეს მიეწყობა ტროტუარი.

"პროექტის ზემოქმედების ქვეშ ექცევა 1229 მიწის ნაკვეთი, რომელთაგან 433 კერძო საკუთრებაშია. აღწერის შედეგად გამოვლინდა ზემოქმედების ქვეშ მოქცეული 358 შინამეურნეობა, რომელთაგან 52 გამოიკითხა სოციალური კვლევის დროს. აღწერის შედეგად გამოვლინდა ზემოქმედების ქვეშ მოქცეული 14 მოწყვლადი შინამეურნეობა და 28 ადგილმონაცვლე შინამეურნეობა. აღნიშნული შინამეურნეობები მიიღებენ მოწყვლადობის შემწეობას. კომპენსაციის საკითხების მართვა მოხდება მიწის შესყიდვის და განსახლების გეგმის შესაბამისად.

სამუშაოს იწარმოებს 4 წლის განმავლობაში. ლოტი 3-ით გათვალისწინებულ სამუშაოებზე 400 ადამიანი. დასაქმებისას უპირატესობა ადგილობრივ მოსახლეობას მიეცემა (სხვა პროექტების ანალოგიით ადგილობრივების წილი დასაქმებულთა ჯამურ რაოდენობაში 70%, მათგან, სავარაუდოდ 10% ქალების იქნება). კვალიფიკაციის მიხედვით დასაქმდება 20% არაკვალიფიციური, 20% დაბალი კვალიფიკაციის მქონე და 60% კვალიფიციური პერსონალი. (პერსონალის რაოდენობა დაზუსტდება მშენებელი კონტრაქტორის მიერ.)

შემუშავებული/დანერგილი იქნება გასაჩივრების პროცედურები მოსახლეობის და პერსონალისთვის; "- ნათქვამია წარდგენილ დოკუმენტაციაში.

ცნობისათვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზის ამ მონაკვეთის პროექტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს გზშ დასკვნის მისაღებად თავდაპირველად 2024 წლის აგვისტოში წარადგინა. თუმცა, მაშინ დეპარტამენტმა განაცხადში ტექნიკური უზუსტობების გამო პროექტი დაახარვეზა. შესწორებული პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დეპარტამენტს 2025 წლის იანვარში წარუდგინა, თუმცა ის ხელახლა დახარვეზდა.

"წარმოდგენილ ელექტრონულ Shp ფაილებში არ არის წარმოდგენილი და დაზუსტებას საჭიროებს სანაყაროს/სანაყაროების განთავსების შესაძლო ადგილების, ასევე სამშენებლო ბანაკის/ბანაკებისთვის განკუთვნილი შესაძლო ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია (GPS კოორდინატების მითითებით). ასევე გარემოსაცვითი შეფასების კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის „ე” ქვეპუნქტის თანახმად გზშ-ის ანგარიშს უნდა დაერთოს ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობით გათვალისწინებული მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი გამო ნამუშევრის განთავსების ტერიტორიის (სანაყარო) ალტერნატივების შესახებ, GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით, აგრეთვე ინფორმაცია აღნიშნული გამო ნამუშევრის განთავსების შესახებ. შესაბამისად გზშ-ის ანგარიშში ასახული და განხილული უნდა იქნეს სანაყაროს ალტერნატიული ტერიტორიები.

გზშ-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფი,არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 72.13.38.498) საზღვრებში, შესაძლებელია ტერიტორიის მოძებნა სამუშაოების წარმოებისას დროებითი სარგებლობისთვის და/ან სანაყაროს მოსაწყობად, თუმცა მონაცემთა ელექტრონული გადამოწმების შედეგად,მოცემული საკადასტრო კოდი არ არის ვალიდური;

გზშ-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საჯარო განხილვებზე დამსწრე პირთა მხრიდან, დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით შენიშვნები არ დაფიქსირებულა. აღნიშნული ინფორმაცია საჭიროებს დაზუსტებას. ვინაიდან, როგორც სკოპინგის დასკვნაში, ასევე საჯარო განხილვის ოქმში მოცემულია ინფორმაცია საზოგადოების მხრიდან დაფიქსირებული შენიშვნა/მოსაზრებების შესახებ, რაც გზშ-ის ანგარიშში არ არის განხილული და ასახული. სკოპინგის დასკვნით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, გზშ-ის ანგარიშში მოცემული უნდა იყოს საჯარო განხილვებზე გამოთქმული მოსაზრებების/შენიშვნების დეტალურად განხილვის, ასევე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების მოწყობის საკითხები. შესაბამისად გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს მდინარე გლდანულაზე გადასასვლელი ხიდის მონაკვეთზე სოფ. გლდანისა და გლდანულას დასახლებას შორის სახიდე გადასასვლელისა და აღნიშნულ მონაკვეთზე საფეხმავლო გადასასვლელის მოწყობის შესახებ ინფორმაცია.

სააგენტო კანონმდებლობის შესაბამისად გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის მიზნით ადმინისტრაციულ წარმოებას დაიწყებს ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით მომზადებული კანონმდებლობით გათვალისწინებული სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ“, - აღნიშნულია ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გზების დეპარტამენტისთვის გაგზავნილ წერილში.

შემოვლითი მაგისტრალის 22.5-კილომეტრიანი მონაკვეთის სქემა:

tbilisis-shemovliti-magistrali-o-h-1738158188.jpeg