ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება - რა არის ETIAS და როდიდან ამოქმედდება?

2025 წლიდან, ევროპაში მოგზაურობის მსურველებისთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, საზღვრის კვეთის წესები იცვლება.

უფრო კონკრეტულად კი, გაზაფხულიდან 60-ზე მეტი ქვეყნის 1.4 მილიარდამდე მოქალაქეს, რომელსაც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება აქვს, შენგენის 27 ქვეყანაში, ასევე ბულგარეთში, რუმინეთსა და კვიპროსზე გასამგზავრებლად მოგზაურობის ავტორიზაცია ე.წ. ETIAS დასჭირდება.

ETIAS არის ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემა - იგივე ონლაინავტორიზაციაა. ETIAS-ის მოქმედი ავტორიზაცია 180 დღის პერიოდში ევროპის 30 ქვეყანაში 90 დღით გაჩერების უფლებას იძლევა.

როგორც ცნობილია, ავტორიზაციისთვის განაცხადის გაკეთება შესაძლებელი ETIAS-ის ოფიციალური ვებ-გვერდიდან იქნება.

ETIAS-ზე განაცხადისთვის დაგჭირდებათ: პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა 3 თვეს აღემატება; ელექტრონული ფოსტის მისამართი; ონლაინ ფორმის შევსება; გადასახადის გადახდა 7 ევროს ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ 18 წლამდე და 70 წელზე მეტი აპლიკანტებისთვის განაცხადის გაკეთება უფასოა.

ევროპაში მოგზაურობის ავტორიზაციის მოქმედების ვადა 3 წლით განისაზღვრება. თუ თქვენს პასპორტს ETIAS-ის ვადის ამოწურვამდე მოქმედების ვადა გაუვა, მნიშვნელოვანია, განაცხადი ხელახლა გააკეთოთ. განაცხადების უმეტესობა რამდენიმე წუთში განიხილება. ასევე, შესაძლოა, პროცესი შედარებით გახანგრძლივდეს. იმ შემთხვევაში, თუ პროცესში ავტორიზაციისთვის დამატებითი დოკუმენტების წარდგენა გახდება საჭირო, განხილვის პროცესი 14 დღემდე, ინტერვიუზე დაბარების შემთხვევაში კი, 30 დღემდე გასტანს. ამიტომ, ავტორიზაციისთვის განაცხადის გაკეთება დაგეგმილი მოგზაურობის პერიოდამდე, რამდენიმე კვირით ადრე უმჯობესია.

აღსანიშნავია, რომ ევროპა პირველი არ არის, ვინც უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებისთვის მოგზაურობის ავტორიზაცია შემოიღო. მსგავსი სამოგზაურო ავტორიზაციის მოთხოვნა არის ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში.

მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა