„გაიღვიძეთ, გაბრაზდით, ერთად დავიბრუნოთ სამშობლო ყველაფრის ფასად - დღეს სიჩუმე ღალატზე უარესია, ბრძოლის გარეშე არ გამოვა“ - კახა ხაზარაძე

„რა მოგვივიდა? რა დაგვემართა? ქვეყანას გვართმევენ, შვილებს გვიჭერენ, მორალურად გვანადგურებენ, ლამის მონებად გვაქციონ“,- ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელი კახა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ახლა ფიქრის დრო არ არის და მოქმედებაა საჭირო.

„გაიღვიძეთ, გაბრაზდით, ერთად დავიბრუნოთ სამშობლო ყველაფრის ფასად - დღეს სიჩუმე ღალატზე უარესია, ბრძოლის გარეშე არ გამოვა“

კახა ხაზარაძის "ფეისბუქ" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„წინასწარ ბოდიშის მოხდით, თუ ცოტა ზედმეტი მომივა იმ ემოციის აღწერა, რომელიც არადა არ მასვენებს ყველაფრის შემხედვარე, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება.

რა მოგვივიდა? რა დაგვემართა? ქვეყანას გვართმევენ, შვილებს გვიჭერენ, სცემენ, ციხეში სვამენ, მორალურად გვანადგურებენ, სახეში გვაფურთხებენ, არარაობად მიგვიჩნევენ, ფულს გვპარავენ, ტყუილებში გვაცხოვრებენ, ლამის მონებად გვაქციონ და რაც მთავარია, თავისუფლებას გვართმევენ. თავისუფლებას, რომლის გარეშეც ჩვენ მომავალს ვერ ავაშენებთ.

53 დატყვევებული ადამიანი დღეს ჩვენ მაგივრად გისოსებს მიღმა იცავს ჩვენს ღირსებას და ამ დროს, სად ვართ, ჩვენ ნეიტრალური ადამიანები, რომლებსაც ერთი რამ გვაკერია პირზე: პოლიტიკაში არ ვერევი... დღეს სიჩუმე ღალატზე უარესია, ეს იგივეა, რომ შენ საკუთარ ოჯახზე თქვა უარი. დამიჯერეთ, ბევრი დრო არ გვაქვს ფიქრისთვის.... მოქმედებაა საჭირო.

გაიღვიძეთ, გაბრაზდით და ერთად დავდგეთ და დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენ გვეკუთვნის, დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო, რომელიც ყველას ერთი გვაქვს და მას საქართველო ჰქვია. რის ფასად? ყველაფრის ფასად ... სამწუხაროდ, ბრძოლის გარეშე არ გამოვა.

მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი,“ - წერს კახა ხაზარაძე.

ცნობისთვის, 65-ე დღეა საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. ასევე კობახიძის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, "ქართული ოცნების" გუნდი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესს არ დაიწყებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. ასევე რეზოლუაციაში ჩაიწერა მოთხოვნა, რომ გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი ასამბლეის 2025 წლის აპრილის სესიამდე. ამ გადაწყვეტილებას სტრასბურგში მყოფმა "ქართული ოცნების" გუნდმა მალევე უპასუხა. კერძოდ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, წყვეტენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას. ასევე შეგახსენებთ, იმასაც რომ 27 იანვარს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდათ. უფრო კონკრეტულად, ეს გადაწყვეტილება შემდეგ კატეგორიებს ეხებათ: საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ. საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.

ნინი ქეთელაური