„ძალიან დიდ კრიზისში ვართ,“ - ასე გამოეხმაურა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ტურიზმის სექტორში არსებულ ვითარებას.
„11 მლნ ლარის ჯავშნები გაუქმდა მხოლოდ დეკემბერში, თბილისის ცენტრის სასტუმროებში. ყველაზე ცუდი ის არის, ეს ტენდენცია გრძელდება. რეალურად, პანდემია რომ არ ჩავთვალოთ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი დაბალი მაჩვენებლები, დაბალი დატვირთვა და ციფრები შემოსავლების თვალსაზრისით, თითქმის არ გვქონია არასოდეს.
თებერვალიც არ ჩანს უკეთესი.. თებერვალშიც საკმაოდ რთული მდგომარეობაა. იანვარში ახალი წელი მაინც იყო და რამდენიმე დღემ შემოსავალი მოგვცა, თებერვალში კი, ამ ეტაპისთვის ასეთი გამონათებაც არ ჩანს და დღევანდელი მონაცემები, საკმაოდ რთულ მდგომარეობას ვპროგნოზირებთ თბილისზე.
დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა, ბიზნესს ჩვენი რეალობა გვაქვს, ხოლო მეორე მხარეს {სახელისუფლებო გუნდს} აქვს მეორე რეალობა.. ჩემი წარმოდგენით დღეს შექმნილი უნდა გვქონდეს კრიზისული საბჭო თუ გუნდი, მინიმუმ კვირაში ერთხელ ან ორჯერ მაინც უნდა ვიკრიბებოდეთ და ვსაუბრობდეთ როგორ ვიპოვოთ გამოსავალი იმ სიტუაციიდან, რაშიც ახლა ვართ... უბრალოდ საჭიროა, იმის აღიარება რომ ტურიზმის სექტორში კრიზისი დგას, მაგრამ ამას არ ვაღიარებთ... რეალურად ძალიან დიდ კრიზისში ვართ, სახელმწიფო და კერძო სექტორი უნდა იჯდეს ერთად და აქედან გამოსავალს უნდა ვეძებდეთ.. თუმცა გვაქვს რეალობა, რომ ჩვენ {ბიზნესი} ვეძებთ გამოსავალს და მეორე მხარე იძახის, რომ ყველაფერი კარგად არის,“ - განაცხადა ალავერდაშვილმა.