„ელოდებიან, ბაზარზე მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას, ამის ნიშნები უკვე არის - განგაში არის ატეხილი ბიზნეს წრეებში“ - გვანცა მელაძე

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ექსპორტიორებზე უკვე აისახა. ბიზნესის ნაწილი უკვე საუბრობს იმის შესახებ, რომ ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტისთვის პროცედურები გაჭიანურებულია, მოლაპარაკებები კი შეჩერებული. „ექსპორტის განვითარების ასოციაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გვანცა მელაძე რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ აცხადებს, რომ „ბიზნეს წრეებში განგაში არის ატეხილი“.

როგორც მანვე განმარტა, ბიზნესი ადგილობრივ ბაზარზე მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას ელოდება. ამასთანავე, ქვეყანაში არსებული კრიზისის ფონზე, ბიზნესის ნაწილი თავს იკავებს მარკეტინგული ხარჯებისგან და ცდილობენ არსებული გაყიდვების შენარჩუნებას და ხარჯების დაზოგვას.

„ბიზნესი აგებულია მოლოდინებზე, შესაბამისად, როდესაც არის უარყოფითი განწყობა, შესაბამისი არის გეგმები და ხარჯვაც. ძალიან ბევრი კომპანია მარკეტინგულ ხარჯებს აღარ გამოყოფს მიმდინარე წლისთვის და გადასული არის ეკონომიის რეჟიმში. ცდილობენ შეინარჩუნონ ის ბაზრები და გაყიდვები, რაც აქვთ. ელოდებიან ადგილობრივ ბაზარზე მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას, ამის ნიშნები უკვე არის. განგაში არის ატეხილი ბიზნეს წრეებში, განსაკუთრებით მათთან, ვინც ორიენტირებული იყო დასავლეთის ბაზრებზე. მცირე კომპანიებიც გვეუბნებიან, რომ როდესაც ვიწყებთ მოლაპარაკებას პროდუქციის ექსპორტზე, თავს იკავებენ და გვეუბნებიან, რომ დავიცადოთ და დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენებიო.

ძალიან დიდი პრობლემაა ქვეყნის რეპუტაცია, გუშინ და დღეს არ დაწყებულა ქართული კომპანიის მაღალი რისკით შეფასება და სანქციების მოლოდინის რეჟიმის პარალელურად კომპანიებში ეჭვის შეტანა. 2 წლის წინ ბორჯომის მაგალითმა უარყოფითი როლი ითამაშა, რადგან არავინ ელოდა, რომ ყველაზე ცნობილი ბრენდი აღმოჩნდებოდა დასანქცირებული ბიზნესმენის მფლობელობაში. შემდგე ამ წილის გამოსყიდვა მოხდა, მაგრამ რეპუტაციას ვერაფერს შველი“, - განაცხადა გვანცა მელაძემ.

მერი ტაბატაძე