ქართული პროდუქციის ექსპორტი 5%-ით გაიზარდა. 2024 წელს ექსპორტზე გავიდა 3 მილიარდი დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია, ხოლო 2023 წელს 2.86 მილიარდი აშშ დოლარის. ქართული პროდუქციის ექსპორტი გასულ წელს ძირითადად შემდეგ 5 ქვეყანაში ხორციელდებოდა: რუსეთი, თურქეთი, ჩინეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.
საქსტატის მონაცემებით, ძირითადი ქართული საექსპორტო პროდუქცია 2024 წელს ასე გამოიყურებოდა: ფეროშენადნობები (321.9 მლნ აშშ დოლარის), ყურძნის ნატურალური ღვინოები (274.7 მლნ აშშ დოლარის), ეთილის სპირტი (250.2 მლნ აშშ დოლარის), ძვირფასი მადნები და კონცენტრატები (237.5 მლნ აშშ დოლარის) და მინერალური და მტკნარი წყლები (163.7 მლნ აშშ დოლარის).„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ვის ეკუთვნის 10 კომპანია, რომელმაც 2024 წელს ყველაზე მეტი ღირებულების ქართული პროდუქციის ექსპორტი განახორციელა.
ვის ეკუთვნის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია(ადგილობრივი ექსპორტი):
- სს RMG Copper 1996 წელს დაფუძნდა. კომპანიის ძირითად საქმიანობას სპილენძისა და ოქროს შემცველი მადნის მოპოვება-დამუშავება განეკუთვნება. Reportal.ge-ზე არსებული მონაცემების მიხედვით, სააქციო საზოგადოების მშობელი კომპანია მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული Magenta Investments Limited-ია. ამავე დოკუმენტების თანახმად, კომპანიაზე საბოლოო კონტროლის მქონე მხარე დიმიტრი ტროიცკია.
- შპს RMG Gold 1995 წერს დარეგისტრირდა. კომპანიის წილების 3.79% სს RMG Copper ფლობს, ხოლო დარჩენილ წილებს შპს „მაინინგ ინვესთმენთსი“ ფლობს. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რუსეთის მოქალაქე დმიტრი ტროიცკია, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი ჯონდო შუბითიძე.
- „აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიის საქართველოს ფილიალი“ სამეწარმეო რეესტრში 2010 წელს დარეგისტრირდა. „ინვესტმენტ ლიმიტედი“ არის „ბორჯომის“ მმართველი და მფლობელი კომპანია. თუმცა, დაწესებული სანქციების გამო, 1 104 აქცია საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოეცა. შედეგად, აქციონერთა სტრუქტურა ასე განისაზღვრება - „ერასმონი ლიმიტედი რისაში“ იქნება 49.99% აქციების მფლობელი. ეს არის კომპანია, სადაც რამდენიმე მფლობელი იყო სანქცირებული და სანქცირებული პირები, რომლებსაც ჰქონდათ ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციები, აღარ იქნებიან უმრავლესობის მქონენი კომპანია „რისაში“, რომელიც ფლობს კომპანია „ბორჯომს“.
- სს „რუსთავის აზოტი“ 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა აზოტის სასუქების და ოქროს გამოტუტვის პროდუქციის წარმოებაა. Reportal.ge-ის მონაცემების თანახმად, კომპანიის აქციების 100%-ს სააქციო საზოგადოება EU Investments-ს ფლობს, საბოლოო მაკონტროლებელი მხარე კი ეფრემ ურუმაშვილია.
- შპს Caucasian Metals Terminal რეესტრში 2011 წელს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი არის გოჩა კურდღელია. სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კურდღელია კომპანიის აქციების 15%-ს ფლობს (მის წილებს ზვიადი ხურცილავა განკარგავს), ხოლო 85%-ის მფლობელი კვიპროსი დაარსებული კომპანია „სი.აი.აი. ქლეი ინდასტრის ინტერნეშენალ ლიმიტედია“.
- შპს „აჭარა ტექსტილე“ სამეწარმეო რეესტრში 2008 წელს დარეგისტრირდა. მისი წილების 100%-ს ს.ს „აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთ“ ფლობს. კომპანიის ხელმძღვანელებად შემდეგი პირები არიან რეგისტრირებულები: ორჰან ოღრუნჩ, ონურ სეზერ, გია ლომინაძე და დათო ჯაიანი.
- შპს „კ და ქართული სპირტი“ რეესტრში 2017 წელს დარეგისტრირდა. მისი გენერალური დირექტორი ირაკლი ბექაურია, ხოლო დირექტორის პოსტს გიორგი დამენია იკავებს. რაც შეეხება წილებს, 80%-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილი ფლობს, ხოლო 20%-ს ასევე რუსეთის და საქართველოს მოქალაქე გიორგი ღამბაშიძე.
- შპს „უნიონ ექსპორტი 2024“ 2024 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის მთლიანი წილების მფლობელი და დირექტორი ბესიკ სიყმაშვილია.
- შპს „მნ გრუპი-2021“-ის დირექტორი გურამ თალაკვაძეა. კომპანია 2021 წელს არის რეგისტრირებული. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, თალაკვაძე წილების 83%-ს ფლობს, 17%-ის მფლობელი კი გიორგი თურქაძეა.
- შპს „სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი“ 2018 წელს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი გიორგი ჭელიძეა. სამეწარმეო რეესტრის თანახმად, კომპანიის წილებს სრულად ჭელიძე ფლობს.