პირველი ორშაბათი ტრამპის ტარიფებით - მსოფლიო ბაზრები ახალი რყევებისთვის ემზადებიან

დღეიდან მსოფლიო ბაზრები ახალი რყევებისთვის მას შემდეგ ემზადებიან, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა კანადაზე, მექსიკასა და ჩინეთზე 1-ლი თებერვლიდან მასიური სავაჭრო ტარიფები აამოქმედა. მითუმეტეს, ეს სამი სახელმწიფო, რომელთაგან მექსიკა და კანადა აშშ-ის ორი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ამერიკულ პროდუქტებზეც საპასუხო ტარიფებს აწესებს.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სააგენტოს შეფასებით, სავაჭრო ბირჟებზე ტურბულენტობის მორიგი რაუნდი დგება.

ნიუ-იორკული კომპანია Siebert Financial-ის მთავარი საინვესტიციო დირექტორი, მარკ მალეკი აცხადებს, რომ გლობალური სავაჭრო ომის რისკმა შესაძლოა, ზიანი მიაყენოს აშშ-ის კორპორაციულ მოგებას და ინფლაციაზე წნეხი იქონიოს, რაც პოტენციურად გააუქმებს მოლოდინს აშშ-ის საპროცენტო განაკვეთების შემცირების შესახებ, ასევე, შეასუსტებს ისეთ ვალუტებს, როგორიც კანადური დოლარი და ჩინური იუანია.

„აქამდე ბაზრები ნამდვილად ტრამპის მხარეს იყვნენ, მაგრამ ეს შესაძლოა, შეიცვალოს და პირველები გახდნენ, ვინც პრეზიდენტს გამოიწვევენ,” - აცხადებს მალეკი.

სიდნეის ATFX Global-ის მთავარი საბაზრო ანალიტიკოსი, ნიკ ტვიდეილი მიიჩნევს, რომ არეულობა უარყოფითად იმოქმედებს კანადურ, მექსიკურ და ჩინურ ვალუტაზე. ის, ასევე, აზიის ბაზრების გახსნისას მნიშვნელოვან სავალუტო მოძრაობას მოელის.

Reuters-ის ცნობით, კანადურმა დოლარმა გასულ კვირას ხუთწლიან მინიმუმს, ანუ, დაახლოებით, 1,459 დოლარს მიაღწია, ხოლო მექსიკური პესო შესაძლოა, თითქმის, 12%-ით დაეცეს. პარასკევს გვიან ვალუტა 20,6 დოლარად ივაჭრებოდა.

ანალიტიკოსები, ასევე, აქციებისა და სხვა მაღალი რისკის აქტივების გარკვეულ გაყიდვებს პროგნოზირებენ.

Reuters წერს, რომ მექსიკისა და კანადის საქონელზე 25%-იანმა, ხოლო ჩინურ პროდუქციაზე 10%-იანმა ახალმა ტარიფებმა აშშ-ის წლიური ვაჭრობა პოტენციურად შესაძლოა, 2.1 ტრლნ დოლარზე მეტად შეაფერხოს.

თავად ტრამპიც აღიარებს, რომ მაღალმა ტარიფებმა შესაძლოა, მომხმარებლებისთვის ხარჯი გაზარდოს და მოკლევადიან პერსპექტივაში შეფერხებები გამოიწვიოს, თუმცა, პრეზიდენტის თქმით, მათი გავლენა ფინანსურ ბაზრებზე მას არ აწუხებს.

ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი საგარეო ვაჭრობის საკითხებში, ჯეიკ კოლვინი, რომელიც მსხვილ ამერიკულ კომპანიებს წარმოადგენს, აცხადებს, რომ აშშ-ის ძირითად სავაჭრო პარტნიორების მიმართ უფრო მკაცრმა ტარიფებმა „შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ყველაფრის ღირებულებასა და ხელმისაწვდომობაზე, დაწყებული ავოკადოდან და კონდიციონერებითა თუ ავტომობილებით დამთავრებული. ასევე, გააჩენს რისკს, რომ კონსტრუქციულ დიალოგზე აშშ-ის ურთიერთობების ფოკუსირება შეიცვალოს.”

ცნობისთვის, 1-ელ თებერვალს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე 25%-იანი, ხოლო ჩინეთიდან იმპორტზე 10%-იანი დამატებითი ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს. ამასთან, კანადიდან იმპორტირებული ენერგორესურსები, მათ შორის, ნავთობი, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია დამატებით 10%-ით დაიბეგრება. ამასთან, ტრამპი აცხადებს, რომ ტარიფებს ევროკავშირსაც “აუცილებლად დაუწესებს,” რაც აშშ-ს საშუალებას მისცემს, გაერთიანებასთან არსებული სავაჭრო დეფიციტი აღმოფხვრას.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ