ქვეყანაში მიმდინარე კრიზისისა და დაბალი ტურისტული სეზონის პარალელურად, კვების ობიექტების ნაწილი უკვე დაიხურა. არადა, სარესტორნო ბიზნესი ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია ქვეყანაში. საქსტატის 2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემების მიხედვით, კვებისა და განთავსების სექტორში ოფიციალურად დასაქმებული იყო 43 ათასზე მეტი პირი.
იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესი უკვე საუბრობს შექმნილი კრიზისის პარალელურად ობიექტების დახურვაზე, „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, შესაძლოა თუ არა, რომ ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებელ სექტორმა კადრების შემცირებაზე დაიწყოს ფიქრი. ჩვენთან საუბრისას რესტორნების „შავი ლომი“, „ნინიას ბაღი“, „კაფე ლეილა“ და „კაკლების“ მმართველი და შეფმზარეული მერიკო გუბელაძე აცხადებს, რომ „კადრების შემცირების რეალური საფრთხე არსებობს“ და აღნიშნავს, რომ შემცირებები უკვე დაიწყო.
„დიდი რაოდენობით შემცირებები ჯერ არ დაგვიწყია, თუმცა, კადრის შემცირება რაღაც რაოდენობით უკვე მოხდა და მე მსგავსი შემთხვევა არ მახსოვს ბოლო 10 წლის განმავლობაში“, - ამბობს გუბელაძე.
მანვე დასძინა, რომ სარესტორნო ბიზნესის შემოსავლები 70%-ით მაინც შემცირდა. გუბელაძე არ გამორიცხავს, რომ არსებული მდგომარეობის გაგრძელების შემთხვევაში, ობიექტები გარკვეულ მომენტში დახუროს.
„რაც შეეხება მომავალში რა იქნება, არ გამოვრიცხავ, რომ რესტორანი დაიხუროს რაღაც მომენტში, არაფერს არ გამოვრიცხავ, თუ არ მოგვარდება ეს კრიზისი. რესტორანი ძალიან დიდი ქირას იხდის, ძალიან დიდი ხარჯი გვაქვს, რომ ვიფუნქციონიროთ, რაღაც მომენტში ჩვენ ამხელა ქირის გადახდას ვერ შევძლებთ. თან ეს არ არის ბიზნესი, რომელსაც კაპიტალი აქვს და გაჭირვების დროს მოკიდებს ხელს ამ კაპიტალს და აიღებ. რესტორანს აქვს ყოველდღიური ბრუნვა - „მოვიდა-გავიდა“ ბიზნესია. თუ კრიზის გაგრძელდა, ვერ გადავიხდით ვერც ქირას, ვერც გადასახადებს, ვერც ხელფასებს და ლოგიკური დასასრული იქნება დახურვა“, - განაცხადა მერიკო გუბელაძემ.