მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასის მკვეთრი ზრდის პარალელურად, ფასები იზრდება საქართველოშიც. „ბიზნესპრესნიუსთან“ „ოქროს კიდობნის“ დირექტორი ნანა სონგულია აღნიშნავს, რომ ამჟამად ერთი გრამი 958 სინჯი ოქროს ფასი 200 ლარამდეა გაზრდილი. ეს კი მაშინ, როცა წინა თვეებში ღირებულება 180 ლარს შეადგენდა.
სონგულიას თქმით, ბირჟაზე მყიდველი დადის, მოთხოვნაც არის, თუმცა, მზარდი ფასის გამო, ოქროს მხოლოდ მაშინ ყიდულობენ, როცა ამის გადაუდებელი საჭიროება არსებობს.
„ოქრო ყველას უნდა, მაგრამ ფასი იმდენად გაიზარდა, რომ ხალხი არის შოკირებული. გრამი თუ ღირდა 180 ლარი, ახლა გახდა 200 ლარი. ეს უკავშირდება იმას, რომ მსოფლიო ბაზარზე უნცია ძალიან გაძვირდა. ამასთან შედარებით, ვერ გეტყვით რომ ბირჟაზე ხალხი არ დადის - დადიან, მაგრამ ვისაც აუცილებლობა აქვს, ოქროს მხოლოდ ის ყიდულობს“, - ამბობს სონგულია.
ამასთანავე, „ოქროს კიდობანში“ მოთხოვნა ფიქსირდება როგორც ადგილობრივებისგან, ისე უცხოელი ტურისტებისგან, თუმცა, მაღალი ფასის გამო შეძენისგან თავს იკავებენ.
„ადგილობრივი მყიდველიც მოდის და უცხოელიც. თუ მოხვდა ჩვენს ბაზარზე უცხოელებიც ყიდულობენ ოქროს. ტურისტებს ეძვირებათ ხოლმე ოქრო ჩვენთან, ჰგონიათ რომ საქართველოში ოქრო იაფია და რატომ ჰგონიათ ასე, ვერ გეტყვით. ფასი დამოკიდებულია მსოფლიო ბაზრებზე არსებულ ტენდენციებზე“, - განაცხადა ნანა სონგულიამ.
შეგახსენებთ, ოქროს ფასი მსოფლიო ბირჟაზე რეკორდულ ზრდას განაგრძობს. თბილისის დროით 10:00 საათისთვის 1 უნციას ფასი 2 917 დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ ერთი თვის ჭრილში ოქრო 7.7%-ით, ხოლო ბოლო ერთი წლის ჭრილში 45.5%-ით არის გაძვირებული.
იხილეთ ასევე: რატომ ძვირდება ოქროს ფასი