10 ქვეყანა, სადაც კორუფციის ყველაზე დაბალი/მაღალი მაჩვენებელია - რა პოზიციაზეა საქართველო და მეზობელი ქვეყნები

მსოფლიოში ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანა დანიაა, კორუმპირებული კი სამხრეთ სუდანია - ამის შესახებ აღნიშნულია ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ (Transparency International) მიერ ახლახან გამოქვეყნებულ “კორუფციის აღქმის ყოველწლიურ ინდექსში“.

განახლებული ინდექსის მიხედვით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, საჯარო სექტორის კორუფციის ბარომეტრს წარმოადგენს, ცხადი გახდა, რომ რამდენიმე წამყვან სახელმწიფოში კორუფციის კუთხით მდგომარეობა გაუარესდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოკითხული 180 ქვეყნიდან 47-მა ძალიან დაბალი ქულა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი 2012 წლიდან მუშაობენ ვითარების გამოსასწორებლად.

2024 წლის შემაჯამებელ მიმოხილვაში ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „გლობალური კორუფციის დონე კვლავ საგანგაშოდ მაღალია“.

რუსეთი საქართველოს მეზობლებს შორის ყველაზე კორუმპირებულია

რაც შეეხება საქართველოს, 2024 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს ქულა უცვლელი რჩება და კვლავაც 53-ია. 100-ბალიან შკალაზე 53 საშუალო შედეგია, თუმცა 2015 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აღნიშნავს, ეს შედეგი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში წვრილმანი მექრთამეობა საყოველთაოდ გავრცელებული არ არის, თუმცა არც რაიმე კონკრეტული რეფორმები განხორციელებულა, რაც დაბალ დონეზე კორუფციასთან ბრძოლის კუთხით წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლებოდა.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, განახლებული რეიტინგის მიხედვით, საქართველო ყველაზე „ნაკლებ კორუმპირებულ“ ქვეყნად რჩება. უფრო კონკრეტულად, რუსეთი - 154-ე ადგილზეა (22 ქულა); ასევე 154-ე ადგილზეა აზერბაიჯანიც (22 ქულა), თურქეთი - 107-ე ადგილს (34 ქულა), სომხეთი კი 63-ე პოზიციას იკავებს (47 ქულა).

წარმოგიდგენთ 10 ქვეყანას, სადაც კორუფციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია:

  1. დანიამ უცვლელი 90 ქულით პირველი ადგილი შეინარჩუნა;
  2. ფინეთი - მეორე ადგილს იკავებს 88 ქულით;
  3. სინგაპური- 84 ქულა;
  4. ახალი ზელანდია - 83 ქულა;
  5. ლუქსემბურგი - 81 ქულა;
  6. ნორვეგია - 81 ქულა;
  7. შვეიცარია - 81 ქულა;
  8. შვედეთი - 80 ქულა;
  9. ნიდერლანდები - 78 ქულა;
  10. ავსტრალია - 77 ქულა;

აღნიშნული ქულები მიუთითებს, რომ ჩამოთვლილ 10 ქვეყანაში კორუფციის დონე “ძალიან დაბალია“, რაც სახელმწიფო ინსტიტუციების შესაშურად გამართულმა ფუნქციონირებამ განაპირობა.

10 “ყველაზე კორუმპირებული“ ქვეყნის რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

  1. სამხრეთ სუდანი - 8 ქულით მსოფლიოს ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად ითვლება და რეიტინგში ბოლო, 180-ე ადგილს იკავებს
  2. სომალი - 9 ქულა;
  3. ვენესუელა - 10 ქულა;
  4. სირია - 12 ქულა;
  5. იემენი - 13 ქულა;
  6. ლიბია - 13
  7. ერიტრეა - 13
  8. ეკვატორული გვინეა - 13 ქულა;
  9. ნიკარაგუა - 14
  10. სუდანი - 15

ძალიან დაბალი რეიტინგის, შესაბამისად “მაღალი კორუფციის“ მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა: ჩრდილოეთ კორეა, მიანმარი, ჰაიტი, თურქმენეთი, ბურუნდი, ავღანეთი, ტაჯიკეთი, ზიმბაბვე და სხვა.

ორგანიზაცია საჯარო სექტორის კორუფციის დონეს 13 მონაცემზე დაყრდნობით აჯამებს. ის ქვეყნის შეფასებისას, ითვალისწინებს მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და კერძო რისკისა და საკონსულტაციო ფირმების მონაცემებსაც.

ცნობისთვის, კორუფციის აღქმის ინდექსი ტრადიციულად 180 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები ფასდება 100 ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 „ძალიან კორუმპირებული“ შედეგია.

წყარო: transparency.org

თეონა რამაზაშვილი