სანქციები ბიზნესმენებს, მედიამენეჯერებსა და მაღალჩინოსნებს - ვისი სახელებია ევროპარლამენტის რეზოლუციის სამუშაო ვერსიაში

ევროპარლამენტი, ხვალ, 13 თებერვალს, „საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ“ რეზოლუციას უყრის კენჭს.

როგორც Euro Scopes-ის დამფუძნებელი თამარ ნუცუბიძე წერს, ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შვიდი პოლიტიკური ჯგუფის რეზოლუციის დრაფტი უკვე გამოქვეყნდა, ერთიანი დოკუმენტი კი ჯერ საჯარო არ არის, თუმცა მას უკვე გადაუგზავნეს. სწორედ ამ ერთიან დრაფტზე დაყრდნობით, თამარ ნუცუბიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, წერს, რომ ევროპარლამენტი არ ცნობს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და საუბრობს ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. ახალი არჩევნების ჩატარებამდე კი ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს.

„მედიაზე ძალიან ვრცლად არის საუბარი, დაწვრილებით არიან ინფორმირებული ევროპელი კანონმდებლები, რომელი მედია საშუალებაა პროსახელისუფლებო და სახელებით არის ჩამოთვლილი. ეს მედია საშუალებები დაფიქსირებულია როგორც რეჟიმის მომხრეები და დეზინფორმაციის გამავრცელებლები“, - აღნიშნავს თამარ ნუცუბიძე.

გარდა ამისა, მისი ცნობით, რეზოლუციის პირველად ვერსიაში საუბარია პერსონალური სანქციების დაწესების შესახებაც. Euro Scope-ს მიერ „ტელეგრამზე“ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია კონკრეტული პირების შესახებ, რომელთა სანქცირების მოწოდებითაც გამოდის ევროპარლამენტი. ჩამონათვალში ხვდებიან „ქართული ოცნების“ წევრები, მოსამართლეები, ბიზნესმენები და მედია მფლობელებიც.

კერძოდ, იმ პირების სია, ვის სანქცირებასაც შესაძლოა, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭიროს, ასე გამოყურება: ბიძინა ივანიშვილი, ეკატერინე ხვედელიძე, უტა ივანიშვილი, ცოტნე ივანიშვილის, ბერა ივანიშვილი, გვანცა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, შმაგი კობახიძე, უჩა მამაცაშვილი, ნათია თურნავა, ივანე ჩხარტიშვილი, სულხან პაპაშვილი, გიორგი კაპანაძე, თორნიკე რიჟვაძე, ილია წულაია, კახა ბექაური, ლაშა ნაცვლიშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი რუხაძე, თინათინ ბერძენიშვილი, თამაზ გაიაშვილი, ანტონ ობოლაშვილი და გოჩა ენუქიძე.

შეგახსენებთ, რომ 13 თებერვალს სტრასბურგში, ევროპარლამენტში კენჭს უყრიან რეზოლუციას, „საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ“. კენჭისყრა თბილისის დროით 15:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება.

მერი ტაბატაძე