„ეს დახმარება მხოლოდ ფულში არ უნდა ითარგმნებოდეს, აქ იყო უმნიშვნელოვანესი ექსპერტული დახმარება. ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა კიბერუსაფრთხოების ცენტრებში ხდებოდა ჩვენი კადრების გადამზადება და აი ამ ყველაფრის მოხსნა დგას დღის წესრიგში“ ,- ამის შესახებ კიბერ-უსაფრთხოების სპეციალისტმა ანდრო გოცირიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ USAID-ის შეჩერებულ პროექტებზე საუბრისას აღნიშნა.
როგორც ცნობილია, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებით, 20 იანვრიდან საგარეო განვითარების დახმარება 90 დღით შეჩერდა. გადაწყვეტილების მიზეზად კი სახელდება, რომ აშშ-ს საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ არის თანხვედრაში ამერიკის ინტერესებთან.
მართალია, დაფინანსების აღდგენა 90 დღის შემდგე არის გადაწყვეტილი, თუმცა უცნობია, რომელი პროექტები და ამასთან, იგივე სახით გაგრძელდება თუ არა. ამის ფონზე, პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსთვის ეს დახმარება არც 90 დღის შემდეგ გაგრძელდება. არადა, საქართველოში USAID-ი თითქმის ყველა მიმართულებას აფინანსებდა. მათ შორის, განათლებას, სოფლის მეურნეობას, ტრანსპორტს, ლოგისტიკას, ენერგეტიკას, კიბერუსაფრთხოებას და ა.შ.
ამ უკანასკნელის შემთხვევაში, USAID-ი საქართველოს მთავრობის კიბერუსაფრთხოების განვითარებასა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესებას უწყობდა ხელს. თუმცა, როგორც ანდრო გოცირიძე ამბობს, საერთაშორისო დახმარების შეწყვეტა (არა მხოლოდ ფინანსური), საბოლოოდ იქამდე მიყვანს ქვეყანას, რომ კიბერუსაფრთხოებაში სანდო პარტნიორად აღარ ჩაითვლება.
„ USAID იყო ერთ-ერთი მსხვილი დონორი, რომელიც აფინანსებდა კიბერუსაფრთხოების განვითარებას საქართველოში. მათ შორის იყო, ენერგეტიკულ სექტორში კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა, საჯარო სექტორში სხვადასხვა დონეზე კიბერუსაფრთხოების წახალისება, სწავლება და თუნდაც ორგანიზაციული საკითხების მოგვარება. ამიტომ, ბუნებრივია, როდესაც ეს დაფინანსება არ იქნება, დარგის სპონსორობა მოუწევს მხოლოდ სახელმწიფოს. მაგრამ აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს დახმარება მხოლოდ ფულში არ უნდა ითარგმნებოდეს (რომ ჩვენც გამოვნახავთ მაგ თანხას და დავაფინანსებთ), არამედ, აქ იყო უმნიშვნელოვანესი ექსპერტული დახმარება. ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა კიბერუსაფრთხოების ცენტრებში ხდებოდა ჩვენი კადრების გადამზადება და აი ამ ყველაფრის მოხსნა დგას დღის წესრიგში. საბოლოო ჯამში, ეს იქამდე მიყვანს საქართველოს, რომ კიბერუსაფრთხოებაში სანდო პარტნიორად აღარ ჩაითვლება. ეს არის პრობლემა.
გარდა ამისა, USAID აფინანსებდა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების მოწყობას და მდგრადობის გაძლიერებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულებაა სახელმწიფოსთვის. ზოგადად, კიბერუსაფრთხოება წარმოუდგენელია საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე, სადაც ბრიტანეთის, აშშ-ის და ესტონეთის დახმარებას ჰქონდა უდიდესი წილი. ამასთანავე, მარტო აშშ-დან არა, ბრიტანეთიდანაც შეფერხებულია იგივე სტრატეგიაზე და კონცეპტუალურ დოკუმენტებზე მუშაობა. აქ მარტო ის კი არ იგულისხმებოდა, რომ ვიღაც სტრატეგიას წერდა, არამედ ამ სტრატეგიის იმპლემენტაციასაც. ეს ყველაფერი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ“,- ამბობს ანდრო გოცირიძე.
კითხვაზე რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო დახმარება კიბერდანაშაულის გამოვლენის კუთხით, ანდრო გოცირიძე განმარტავს, რომ ამ კუთხით გადამზადება თავად სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებსაც კი, აშშ-ში აქვთ გავლილი.
„საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია აქ კიბერდანაშაულის გამოვლენის საქმეში, რაც ასევე ფერხდება, ამ გართულებული თანამშრომლობის ფონზე. მეორეს მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია კიბერდანაშაულთან ბრძოლაში ცნობიერების ამაღლება, რასაც ასევე უზრუნველყოფდნენ დასავლური ფონდები. როდესაც ვსაუბრობთ, კიბერკრიმინალთან ბრძოლაზე, ჩვენ იმას კი არ ვგულისხმობთ, რომ დანაშაულის შესახებ ვინმე ინფორმაციას არ მოგვაწვდის, ან ჩვენ არ მივაწვდით, მაგრამ მაგალითად, ჩვენი პროკურორები, საგამოძიებო უწყების თანამშრომლები, მოსამართლეები აშშ-ის დაფინანსებით გადამზადდნენ კიბერკრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით, აი ეს დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.
ასევე, ცნობიერების მაღლების კუთხით, რომ უბრალო მომხმარებელი არ წამოეგოს კიბერკრიმინალის „ანკესს“, ამაში თანხას ეს ფონდები ხარჯავდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ „ფიშინგი“ საბანკო ბარათიდან მარტო 2 და 5 ლარის მოხსნის გამო კი არ არის მოტივირებული, არამედ, ზოგჯერ მტრულად განწყობილი სახელმწიფოები ისეთი ე.წ იარაღით როგორიც არის „ფიშინგი“ სტრატეგიულ ოპერაციებს ახორციელებენ, საინფორმაციო პროპაგანდის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის შეფერხების მიზნით. აი ამ ყველაფერზეა საუბარი“,- აღნიშნავს ანდრო გოცირიძე.