გათავისუფლებული ამერიკელის, მარკ ფოგელის სანაცვლოდ აშშ მოსკოვს რუსეთის მოქალაქე ალექსანდრ ვინნიკს გადასცემს, რომელიც კრიპტობირჟა BTC-e-ს მეშვეობით 4 მლრდ დოლარის გათეთრების ბრალდებით იყო გასამართლებული.
ინფორმაციას The New York Post, Reuters და ABC News სიტუაციის მცოდნე წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ვინნიკი 80 000 ბიტკოინის ოდენობის საფულეს აკონტროლებს. ეს ბიტკოინები ჰაკერებმა იაპონურ ბირჟა Mt.Gox-იდან 2011 წელს მოიპარეს. აშშ-ის მოთხოვნით, ალექსანდრ ვინნიკი 2017 წელს საბერძნეთში დააკავეს. საბერძნეთისა და საფრანგეთის ციხეებში ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ, 2022 წლის აგვისტოში, ის შეერთებულ შტატებში იქნა ექსტრადირებული.
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ვინნიკი ოდესღაც ყველაზე დიდი რუსულენოვანი კრიპტობირჟის დამფუძნებელი იყო, რომლის ყოველდღიური ბრუნვა 66 მლნ დოლარს შეადგენდა და კრიმინალური შემოსავლების გათეთრების მთავარ არხს წარმოადგენდა. თავად ვინნიკი ამტკიცებდა, რომ ბირჟას მხოლოდ საკონსულტაციო მომსახურებას უწევდა, თუმცა მოგვიანებით მან ფულის გათეთრებაში თანამონაწილეობა აღიარა.
ბიტკოინების მოცულობა, რომელსაც, სავარაუდოდ, ვინნიკი ფლობს, 8 მლრდ დოლარად არის შეფასებული, რაც რუსეთის წლევანდელი ბიუჯეტის შემოსავლების 2%-ს შეადგენს.
ცნობისთვის: რუსეთის მიერ გათავისუფლებული ამერიკელი მასწავლებელი და აშშ-ის საელჩოს ყოფილი თანამშრომელი, მარკ ფოგელი, რომელიც დაკავების დროს მოსკოვის ანგლო-ამერიკულ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მიიღო. ფოგელი მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტში 2021 წლის აგვისტოში დააკავეს. ის 17 გრამი მარიხუანას გადატანისთვის ნარკოტიკების კონტრაბანდაში დაადანაშაულეს და თავისუფლების 14 წლით აღკვეთა მიუსაჯეს. თავად ფოგელის თქმით, ის წამალს ხერხემლის ოპერაციის შემდეგ სამედიცინო მიზნებისთვის იყენებდა, რაც მისი სამედიცინო ჩანაწერებით დადასტურდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ