“რეგიონებში რომ ჩახვიდეთ, ვერ ნახავთ კარგ გადამამუშავებელ საწარმოს, თუ ტურისტულ ობიექტს, რომელიც USAD-ის მიერ არ იყო დაფინანსებული”, - ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ “ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, 12 წლის წინ, როდესაც მთავრობა შეიცვალა და პრიორიტეტად სოფლის მეურნეობა დაისახა, ბევრი საერთაშორისო დაფინანსება და მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, დღეს სოფლის მეურნეობის განვითარებაზეც კი ვერც ვისაუბრებდით.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებით, 20 იანვრიდან საგარეო განვითარების დახმარება 90 დღით შეჩერდა. გადაწყვეტილების მიზეზად კი სახელდება, რომ აშშ-ს საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ არის თანხვედრაში ამერიკის ინტერესებთან.
მართალია, დაფინანსების აღდგენა 90 დღის შემდგე არის გადაწყვეტილი, თუმცა უცნობია, რომელი პროექტები და ამასთან, იგივე სახით გაგრძელდება თუ არა. ამის ფონზე, პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსთვის ეს დახმარება არც 90 დღის შემდეგ გაგრძელდება. არადა, საქართველოში USAID-ი თითქმის ყველა მიმართულებას აფინანსებდა. მათ შორის, განათლებას, სოფლის მეურნეობას, ტრანსპორტს, ლოგისტიკას, ენერგეტიკას, კიბერუსაფრთხოებას და ა.შ.
ნინო ზამბახიძე ამბობს, რომ USAID-ის დახმარება საქართველოსთვის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, იმედს გამოთქვამს, რომ ის მომავალშიც გაგრძელდება.
“პირველ რიგში, მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ რეგიონში ადამიანების ცხოვრება იცვლებოდა უკეთესობისკენ. USAID-ის დახმარებას ჰქონდა ორი დადებითი მხარე, პირველი, ფინანსური მხარდაჭერა მეწარმეებისთვის და მეორე ტექნიკური მხარდაჭერა, რაც გულისხმობდა ცოდნის გაღრმავებას და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას. მაშინ, როდესაც მეწარმეს ფინანსურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობა არ ჰქონდა, USAID-ის დახმარებით, ფინანსური თუ ტექნიკური გაძლიერებით, შემდეგ უფრო მარტივად ახერხებდა უფრო დიდი ფინანსურ კაპიტალზე წვდომას. რეგიონებში რომ ჩახვიდეთ, ვერ ნახავთ კარგ გადამამუშავებელ საწარმოს, თუ ტურისტულ ობიექტს, რომელიც USAD-ის მიერ არ იყო დაფინანსებული. ამიტომ, ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ ვიცი მიზეზები, რის გამოც პრეზიდენტმა ტრამპმა შეაჩერა დაფინანსებები, მაგრამ მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ის ისევ აღდგება სხვაგვარად, თუმცა პრიორიტეტები მიენიჭება სხვადასხვა მიმართულებას. იმედი მაქვს, რომ სოფლის მეურნეობა დარჩება პრიორიტეტად, რადგან სასურსათო უსაფრთხოება ყველა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ამიტომ, მე ვფიქრობ, სტრატეგიული პარტნიორები, ისეთი როგორი ამერიკის შეერთებული შტატებია, გააგრძელებს ქართველი მეწარმეების მხარდაჭერას, განსაკუთრებით ქალების, ახალგაზრდების. ამასთან, გააგრძელებს იმ ცოდნის მიცემას, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას გულისხმობს”, - ამბობს ნინო ზამბახიძე.
მისი თქმით, თუ USAID-ის პროექტები შეჩერება, ნიშნავს, რომ სხვადასხვა რესურსებზე წვდომა, ყველა მიმართულებით შეჩერდება.
„სურვილს იმის, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ეს დახმარება შეაჩეროს საქართველოში, მე ვერ მოვიწონებ. ვერც იმას მოვიწონებ, რომ ჩვენი გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსდეს არასამთავრობო სექტორი, ეს გამოდის სამთავრობო. მე პირადად მაქვს ნანახი იგივე USAID-ის პროექტებს რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს შეტანილი სოფლის მეურნეობაში. 12 წლის წინ, როდესაც მთავრობა შეიცვალა და პრიორიტეტად სოფლის მეურნეობა დაისახა, ძალიან ბევრი საერთაშორისო დაფინანსება და მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, დღეს ჩვენ სოფლის მეურნეობაში ახალ სახეებზე და განვითარებაზე ვერც ვისაუბრებდით. როგორ წარმოჩინდა სოფლის მეურნეობა, როგორი პრიორიტეტული გახდა და როგორ დაიწყეს ადამიანებმა საკუთარ ადგილ-მამულებზე დაბრუნება, მიწის დამუშავება და პროდუქტის შექმნა. ამაში რა თქმა უნდა, სახელმწიფოს როლიც დიდია, ვერ დავუკარგავთ, მაგრამ ძალიან დიდი წვლილი ჩვენს უცხოელ პარტნიორებს მიუძღვით.
თუ გვინდა განვითარებული სოფლის მეურნეობა, კონკურენტუნარიანი გარემო, მაშინ უნდა გვქონდეს განათლება და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. ჩვენ ფერმერები მიგვყავდა გადამზადებაზე, პროფესიულ განათლებაზე ვზრუნავდით რეგიონებში, რაც სოფლის მეურნეობას ძალიან დააკლდება”, - ამბობს ნინო ზამბახიძე.