"შესაძლოა, ეკონომიკა გადავიდა სწრაფი ზრდის ფაზიდან სტაგნაციაში, როცა ეკონომიკა ვეღარ იზრდება, თუმცა ჩემი აზრით, ეს საგანგაშო ჯერ არ არის" - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა განაცხადა.
„ბევრს ვმსჯელობთ, ეკონომისტები, ჟურნალისტები გადავა თუ არა პოლიტიკური კრიზისი ეკონომიკურ კრიზისში. ვცდილობთ ვიპოვოთ ინდიკატორები, რომლებიც დაადასტურებენ ან უარყოფენ ამ ფაქტს, ან რაღაცა მინიშნებას მოგვცემენ. ვთვლი, რომ ერთ-ერთი ინდიკატორი შეიძლება უშუალოდ გადასახადები იყოს, რომელსაც კრეფს სახელმწიფო წლიდან წლამდე, თვიდან თვემდე. ამ შეგროვებულ გადასახადების დინამიკას თვიურ ჭრილში ადარებს წინა წლის შესაბამის პერიოდს. სახელმწიფო ხაზინის მაღალი ღიაობის სტანდარტი გვეხმარება, ვნახო რა სიტუაციაა ეკონომიკაში. შესაბამისად, შეგვეძლო 3 თებერვალს გვენახა 2024 წლის იანვართან შედარებით, რა დინამიკა ჰქონდა აკრეფილ გადასახადებს წინა წელთან შედარებით.
ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ინდიკატორი არის დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვები. ამიტომაც განსაკუთრებით ჩემთვის საინტერესო იყო, რა მოცულობის დღგ აკრიფა სახელმწიფომ იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რომ დაახლოებით ინდიკაცია მოეცა ეკონომიკურ ზრდაზე და ასევე ეკონომიკურ აქტივობაზე.
2025 წლის იანვარში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, დღგ-დან მიღებული სახელმწიფო შემოსავლები 0.9%-ით შემცირდა. არადა, 2024 წლის იანვარში 2023 წლის იანვართან შედარებით დღგ-ს ზრდა იყო 13.5%, 2023 წლის იანვარში 2022 წლის იანვართან შედარებით - 23%. თუ ამ გადმოსახედიდან შევხედავთ, რა მასშტაბის ზრდა გვქონდა, მივხვდებით, რომ კლებაა ნომინალში. ეს არის სიგნალი, რომ შესაძლოა, ეკონომიკა გადავიდა სწრაფი ზრდის ფაზიდან სტაგნაციაში, როცა ეკონომიკა ვეღარ იზრდება, ჩემი აზრით, ეს საგანგაშო ჯერ არ არის. საგანგაშო გახდება, თუ პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით, საგადასახადო შემოსავლების, დღგ-ს, საშემოსავლოს კლება გვექნება.
დინამიკა იყო კლებადი, თუ თვიდან თვემდე შევხედავთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, ვხედავთ, რომ ეკონომიკური ზრდა ოქტომბერში უფრო მაღალი იყო, ვიდრე ნოემბერში და ნოემბერში უფრო მაღალი იყო, ვიდრე დეკემბერში. კითხვა თუ იქნება იანვრის ეკონომიკური კლების სტაგნაცია რითაა გამოწვეული, ეს ბუნებრივი კლების ტრენდი იყო, რომელიც სავარაუდოდ, გააძლიერა ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებმა.
იმისათვის, რომ გავიგოთ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები აისახა თუ არა ეკონომიკაზე, ყველაზე გონივრული ვადა არის სამი თვე - იანვრიდან მარტის ბოლომდე, სადაც უკვე ძირითადი ტენდენციები გამოჩნდება და დავინახავთ კრიზისმა რამდენად მიიღო ეკონომიკური ხასიათი“, - განაცხადა ხიშტოვანმა.