რუსეთი, ირანი, ვენესუელა - ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, რომლებიც დასავლეთმა დაასანქცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა შესაძლოა, ცენტრალური ბანკების იმ ხელმძღვანელთა „შავ სიას“ დაემატოს, რომლებიც დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფებიან.

კერძოდ, რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, ელვირა ნაბიულინა აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის სექტემბერში დაასანქცირეს. შემაკავებელი ზომები, რომელიც მოიცავს ამ ქვეყნებში შესვლის აკრძალვას და აქტივების გაყინვას, მათი აღმოჩენის შემთხვევაში. სასანქციო დასაბუთებაში წერია, რომ ნაბიულინა „რუსეთის ეკონომიკას უკრაინის წინააღმდეგ ომის პირობებში მართავს“ და „რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიებზე რუბლის გავრცელებას უზრუნველყოფს.“ ასევე, ის სანქციების შედეგებისგან კრემლს 2014 წლიდან იცავს.

რომელი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელები არიან სანქცირებული

მანამდე, 2018 წლის მაისში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, ვალიოლა სეიფი ტერორისტული ქმედებების მხარდაჭერის ბრალდებით დაასანქცირა. ის, OFAC-ის მტკიცებით, ისლამური რევოლუციის მცველთა ირანის კორპუსის სახელით ლიბანის „ჰეზბოლას“ მხარდასაჭერად მილიონობით დოლარის გადარიცხვებს უზრუნველყოფდა.

ასევე, 2019 წლის აპრილში იმავე დონალდ ტრამპმა ვენესუელის ცენტრალური ბანკი და მისი ხელმძღვანელი, ილიანა ტერანი დაასანქცირა. სანქციების მიზნად „მადუროს არალეგიტიმური რეჟიმის იარაღად“ ბანკის გამოყენების თავიდან აცილება“ დასახელდა.

2023 წლის აგვისტოში აშშ-ის ხაზინამ, დიდ ბრიტანეთთან და კანადასთან ერთად, ლიბანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, რიად სალამე 30-წლიანი მუშაობის შემდეგ პოსტიდან გადადგომიდან 10 დღეში დაასანქცირა. OFAC-ის დასაბუთებში წერია, რომ სალამეს „კორუფციამ და უკანონო სქემამ ლიბანის ეკონომიკის კოლაფსი გამოიწვია.“

იხილეთ ასევე: ივანიშვილი, კალაძე, თურნავა, ღარიბაშვილი... - პირები, ვის სანქცირებასაც ევროპარლამენტი ითხოვს

მოამზადა ლადო სულაბერიძემ