"ქვეყნის ყველაზე მდიდარ ადამიანს ჩამოაქვს ნახევარი მილიარდის ტვირთი და არ იხდის არაფერს - საოცარ ეკონომიკურ ზრდას დაგვიხატავს საქსტატი," - ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოში, 2025 წლის იანვარში 480 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იმპორტის ფაქტს.
"ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ გიორგი ქადაგიძის პოსტს:
"ოლიგარქია მოქმედებაში: 300 ლარზე მეტი ღირებულების ამანათს რომ გამოვიწერთ, ვიხდით დამატებული ღირებულების, საბაჟო და სხვა მოსაკრებელს. სამაგიეროდ, ქვეყნის ყველაზე მდიდარ ადამიანს ჩამოაქვს ნახევარი მილიარდის ტვირთი და არ იხდის არაფერს.
ასევე, ოჯახს თუ წლიურად 40 ათას ლარზე მეტი შემოსავალი აქვს, იხდის ქონების გადასახადს, მაგრამ იგივე, ყველაზე მდიდარი ადამიანი არაფერს არ იხდის.
დამატებით, ეს ყველაფერი ჩანს როგორც საქართველოში უცხოური კაპიტალის შემოდინება და საოცარ ეკონომიკურ ზრდას დაგვიხატავს საქსტატი," - წერს ქადაგიძე.
შეგახსენებთ, რომ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა დღეს გამოაქვეყნა შემოსავლების სამსახურის მონაცემები, რომლის თანახმადაც 2025 წლის იანვარში საქართველოში აშშ-დან და ბრიტანეთიდან 480 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ნახატები შემოვიდა. ბექა ლილუაშვილის აზრით, ეს ქონება ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.
იხილეთ ამავე თემაზე: „დაიწყო ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშების გადმოქაჩვა საქართველოში“ - იანვარში 480 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ნახატები შემოვიდა ქვეყანაში