„კვლევების თანახმად, 2024 წელს უძრავი ქონების ფასების ზრდის ტემპი დასტაბილურდა და 2022-2023 წლებთან შედარებით შემცირდა კიდეც. ამასთან, შემცირდა იჯარის ღირებულება საცხოვრებელ ბინებზე". ამის შესახებ SS.ge-ს პუბლიკაციაშია აღნიშნული.
მათი შეფასებით, მომხმარებლის ინტერესი არ შეცვლილა, თუმცა, ტრანზაქციების რაოდენობა ამავე პროცენტულობით არ გაზრდილა.
„უძრავი ქონების გაყიდვისა და გაქირავების ფასებმა დაიკლო, SS.ge-ზე კი ინტერესის ზრდა ფიქსირდება. შედეგად, იკვეთება, რომ მომხმარებლის ინტერესი არ შეცვლილა. თუმცა, რადგანაც ტრანზაქციების რაოდენობა ამავე პროცენტულობით არ გაზრდილა, ამის მიზეზად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომხმარებლებს ბაზარი სასურველი ფასებით ვერ აკმაყოფილებს ან ისინი მოლოდინის რეჟიმში არიან და როგორც ქვეყანაში არსებული ვითარების, ისე ბაზრის დასტაბილურებასა და უძრავი ქონების ღირებულების კლებას ელოდებიან.
საინტერესოა, რა პროგნოზები აქვს საინვესტიციო ბანკს Galt&Taggart-ს. მათი განმარტებით, არსებობს მოლოდინები, რომ 2025 წელს უძრავი ქონების ფასები მცირედით გაიზრდება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა შენელდება და მაღალი იქნება მიგრაციის დონე, შესაძლოა, ბინებზე მოთხოვნა შემცირდეს. ამასთან, მოსახლეობის ქცევაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ვალუტის გაცვლითი კურსიც. როგორც წესი, ლარის გაუფასურება უძრავი ქონების გაყიდვების შემცირებას იწვევს.
2025 წელს შესაძლოა, კვლავ შემცირდეს გასაქირავებელი უძრავი ქონების ღირებულებაც, რაც ასევე ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებასთან არის დაკავშირებული. იმ შემთხვევაში, თუ შემცირდება უცხოური ინვესტიციები, დაიკლებს გასაქირავებელი უძრავი ქონების დატვირთულობაც, რაც პირდაპირ აისახება იჯარის და შესაძლოა, გასაყიდი ბინების ფასებზეც.
აღნიშნული პროცესები კი მჭიდროდ არის დაკავშირებული ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან,“ - აღნიშნულია SS.ge-ს პუბლიკაციაში.