Red Wings-ი საქართველოში, კერძოდ, ბათუმსა და თბილისში კიდევ ერთი რუსული ქალაქიდან იფრენს.
ავიაკომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მიმართულებას ნიჟნი ნოვგოროდი დაემატება.
კერძოდ, 26 აპრილიდან ნიჟნი ნოვგოროდი-ბათუმის რეისები ყოველ შაბათს, მოსკოვის დროით 22:30 საათზე, ხოლო უკანა მიმართულებით კვირას, თბილისის დროით 03:50 საათზე არის დაგეგმილი. ამასთან, 28 მაისიდან მათ კიდევ ერთი რეისი დაემატება, რომელიც ყოველ ოთხშაბათს ბათუმის, ხუთშაბათს კი ნიჟნი ნოვგოროდის მიმართულებით შესრულდება.
ბილეთის ფასი 19,345 რუბლიდან (212 დოლარიდან) იწყება.
ნიჟნი ნოვგოროდიდან თბილისის მიმართულებით Red Wings ფრენებს 28 აპრილიდან დაიწყებს. რეისები ყოველ ორშაბათს, 22:45 საათზე, ხოლო უკანა მიმართულებით სამშაბათს, ადგილობრივი დროით 04:05 საათზე არის დაგეგმილი. ასევე, 5 ივნისიდან ნიჟნი ნოვგოროდ-თბილისის მიმართულებას კიდევ ერთი რეისი დაემატება, რომელიც ყოველ პარასკევს შესრულდება.
ბილეთის ღირებულება კაცზე 29,685 რუბლი, ანუ 326 დოლარია.
ფრენები SSJ-100-მოდელის თვითმფრინავით განხორციელდება.
ცნობისთვის: ნიჟნი-ნოვგოროდის მერია აფხაზეთში პირდაპირი ფრენების დაწყებაზე მუშაობს და ქალაქიდან სოხუმში პირველი თვითმფრინავები შესაძლოა, წელსვე ჩაფრინდნენ. ამჟამად მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან მიმდინარეობს, რომლებიც მგზავრთა გადაყვანის ვალდებულებას აიღებენ.
Red Wings თბილისის მიმართულებით ფრენებს ეკატერინბურგიდან, სანკტ პეტერბურგიდან, სოჭიდან, ჩელიაბინსკიდან, სამარადან და ყაზანიდან ახორციელებს. რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტის მიმართულებას, ავიაკომპანია თავდაპირველად მხოლოდ მოსკოვიდან დაფრინავდა, ხოლო 2024 წლის დეკემბრიდან სანკტ პეტერბურგი, ეკატერინბურგი და ყაზანი დაემატა. ბათუმის აეროპორტის მიმართულებით ავიაკომპანია მხოლოდ მოსკოვიდან დაფრინავს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ