"თუ ასე მოხდა და აზიელი ტურისტები მომრავლდნენ, მსხვილი ბიზნესი გამსხვილდება, საშუალო და მცირე ვეღარ იფუნქციონირებს" - ამის შესახებ, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის დამფუძნებელმა თამუნა თანდაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს საინტერესოა ის, თუ რამდენად არის ტურიზმი როგორც ინდუსტრია, მზად, რომ ჩინეთიდან და ზოგადად აზიიდან დიდი რაოდენობის ტურისტული ნაკადი მიიღოს.
„როგორც იცით, ტურიზმი გავლენას ახდენს სხვა სფეროებზე, პირველ რიგში ყიდვა-გაყიდვა-გაქირავების მიმართულებით, მყისიერად აისახება მათზე. თუკი აქამდე მოქალაქეებმა ინვესტიციები ჩადეს და სახლები სესხით იყიდეს, იმედოვნებდნენ, რომ ევროპიდან შემოსული ტურისტები სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით კერძო პირების სახლებს გამოიყენებდნენ, ეს მცირე და საშუალო მიმართულება აბსოლუტურად განულდება, თუ მივიღებთ იმ კატასტროფას, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაციის გაუქმება. პირველ რიგში, ტურიზმს დაეტყობა და მეორე შეეტყობა მომიჯნავე ბიზნესებს, მსყიდველუნარიანობა იქნება დაბალი.
ტურიზმი არის მოწყვლადი სფერო, სადაც ნებისმიერი პოლიტიკური და სოციალური ცვლილება ახდენს გავლენას. სექტორი უნდა მოემზადოს, ისწავლონ ინდური, ჩინური, აზიური ენები. გვეუბნებიან, ევროპელ ტურისტებს ჩაანაცვლებენ აზიელები, ეს კი ჩვენ არ გვინდა. ვამბობთ, რომ ჩვენი უწყვეტი ხაზი უნდა იყოს ევროპული, არამარტო იმიტომ, რომ ტურისტი შემოვიდეს და ფული დახარჯოს, არამედ ევროპული ღირებულებები, რაც არის ბიზნესის კეთების - გამჭვირვალობა, გადასახედების გადახდა, თანაბარი სოციალური სივრცე.
თუ ასე მოხდა და აზიელი ტურისტები მომრავლდნენ მსხვილი ბიზნესი გამსხვილდება, საშუალო და მცირე აბსოლუტურად ვეღარ იფუნქციონირებს და კონკურენციას ვერ გაუწევს და ეს ბაზრები იქნება მოწყვლადი“ - განაცხადა თამუნა თანდაშვილმა.