რეზოლუცია ქვეყნის იმიჯზე კი არ იმოქმედებს, არამედ იმ პოლიტიკოსების და ბიზნესმენების კარიერაზე, ვისაც შეეხო - თემურ ჭყონია

„აქედან ბიზნესმენებმა ის უნდა გაიგონ, რომ სწორი პოზიცია დაიკავონ ქვეყნის, ხალხის და ბიზნესის წინაშე“ - ასე აფასებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას"ბიზნესპრესნიუსთან".

საუბარია, დოკუმენტზე, რომლითაც ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებისთვის, დემოკრატიული უკუსვლისა და ქვეყნის დეკლარირებული ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების საწინააღმდეგო მოქმედებისთვის, ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს, კომპანიებსა და გარემოცვას მიზნობრივი სანქციები დაუწესონ.

აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მოხვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და რამდენიმე ბიზნესნმენი. კერძოდ, ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობების ქსელს, ელიტის გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსურ აქტორებს, პროპაგანდისტებსა და მათ, ვინც ხელს უწყობს რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს, მათ შორის, სხვებთან ერთად, ეკატერინე ხვედელიძეს, უტა ივანიშვილს, ცოტნე ივანიშვილს, ბერა ივანიშვილს, გვანცა ივანიშვილს, ალექსანდრე ივანიშვილს, შმაგი კობახიძეს, უჩა მამაცაშვილს, ნათია თურნავას, ივანე ჩხარტიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს, თორნიკე რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილსა და გოჩა ენუქიძეს.

"რეზოლუცია ქვეყნის იმიჯზე კი არ იმოქმედებს, არამედ იმ პოლიტიკოსების და ბიზნესმენების კარიერაზე, ვისაც შეეხო"

„მე ვფიქრობ, ეს სანქციები საქართველოზე, რომელსაც უდიდესი ისტორია და იმიჯი აქვს, როგორც ქვეყანაზე არ იმოქმედებს.

მეორე არის პოლიტიკური იმიჯი - როდესაც 400 პარლამენტარი უარყოფითად შეაფასებს შენს პოლიტიკურ მოღვაწეობას, ეს ნიშნავს რომ შენი პოლიტიკური იმიჯი ძალიან დაბალ დონეზეა (ევროპარლამენტარების შეფასებით). ბუნებრივია, აქ მოხვდებოდა ბიზნესმენების რაღაც ჯგუფი, ეგრე ხდება მთელ მსოფლიოში. თუმცა, კიდევ ვამბობ, ეს ქვეყნის იმიჯზე კი არ იმოქმედებს, არამედ იმ პოლიტიკოსების და ბიზნესმენების კარიერაზე, ვისაც შეეხო. ეს მათთვის, რა თქმა უნდა, ცუდია.

მე ვფიქრობ ასეთ უარყოფით შეფასებას აბალანსებს არაჩვეულებრივი ქართველი ხალხი, ის პროტესტები, რაც დღეს არის. ამიტომ, ჩვენ იმიჯი სტაბილურად ნარჩუნდება“,- ამბობს თემურ ჭყონია.

კითხვაზე, რისი ნიშანია რეზოლუცია ბიზნესმენებისთვის? - თემურ ჭყონია პასუხობს:

„ეს (რეზოლუცია) იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა მოექცა დიდი სახელმწიფოების ყურადღების ქვეშ, სადაც ფიქრობენ, რომ პოლიტურად რაღაც აკლია ჩვენს განვითარებას და ცვლილება არის აუცილებელი. ყოველ მიზეზგარეშე. ამ სიტუაციაში ბიზნესმენების თემა წინ წამოწეულია. აქედან ბიზნესმენებმა ის უნდა გაიგონ, რომ სწორი პოზიცია დაიკავონ ქვეყნის, ხალხის და ბიზნესის წინაშე. ეს არის გამოსავალი. სწორი პოზიციის დაკავების შემთხვევაში შეფასებაც [ ევროპარლამენტის] იქნება სწორი“, - ამბობს თემურ ჭყონია.

იხილეთ ასევე: რა წერია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მიიღო

ივანიშვილი, კალაძე, თურნავა, ღარიბაშვილი... - პირები, ვის სანქცირებასაც ევროპარლამენტი ითხოვს

ნინი ქეთელაური