„სტუმრები მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, ამხელა გასტროგამოფენაზე გუდის ყველი საუკეთესოა, რაც გავსინჯეთო”

საერთაშორისო გასტროკონგრესზე - Madrid Fusión 2025-ზე, ქართულმა პროდუქტებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ამის შესახებ „გასტრონომიული და რურალ ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებელმა ქეთი კვიჭიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სტუმრები მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, ამხელა გასტროგამოფენაზე გუდის ყველი საუკეთესოა, რაც გავსინჯეთო”

„გასტრონომიული კონგრესი Madrid Fusión გასტრონომიის სფეროსთვის ძალიან მაღალი დონის კონგრესია. დასწრება საკმაოდ ძვირია და ამიტომ, ვისაც სარესტორნო სფერო აინტერესებს, ის ადამიანები სტუმრობენ, ასე ვთქვათ, მიზნობრიობა უფრო მაღალია. საქართველო უკვე მეორე წელია რაც მონაწილეობს. მე, პირადად, პირველი წელი ვესწრებოდი და ძალიან საინტერესო პროდუქტები წავიღე. წაღებული გვქონდა ღვინის სტენდი, გასტრონომიული პროდუქტები. ზოგადად, რისკენაც მთელი მსოფლიო გასტრონომია მიისწრაფვის, ეს არის მდგრადობა და ნატურალური პროდუქტები. ასეთი პროდუქტები საქართველოში შეგიძლიათ, ნებისმიერ ტყეშიც და მინდორშიც მოიპოვოთ.

თემა ზუსტად ეს გვქონდა და ძალიან საინტერესო იყო. საინტერესო იყო ჩვენ მიერ შერჩეული ქართული პროდუქტები. ესენი გახლდათ: წიპწის ზეთი, ღვინის მარილი, სხვადასხვა საწებლები, აჯიკები. ამ ყველაფერმა დიდი ინტერესი გამოიწვია, იმიტომ რომ მათთვის უცხო იყო. ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია ქართულმა გრძელმა თხილმა, რომელიც, თითქოს, ჩვენთვის ჩვეულებრივია, მოდიოდნენ და გვეკითხებოდნენ, თუ რა იყო ეს. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ მათ ზუსტად ეს სიახლე შევთავაზოთ, რაც მათთვის ჩვეულებრივი არ არის.

ასევე ძალიან საინტერესო იყო ყველი, რომელიც ჩვენ წავიღეთ. ეს იყო სვანური ნარჩვი, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს საქართველოსთვისაც უცხოა, ბევრმა არც იცის და არც გაუსინჯავს, წარმოებაც ნაკლებია და ამიტომ მათთვის ეს პროდუქტი ძალიან საინტერესო იყო. გუდის ყველზე გავამახვილებდი ყურადღებას – სტუმრები მოდიოდნენ, რომლებიც მეუბნებოდნენ, ამხელა გამოფენაზე საუკეთესო ყველია, რაც გავსინჯეთო. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან საამაყოა და თან საინტერესო იმ მხრივ, თუ როგორ შეიძლება, სხვადასხვა ბაზარზე შეხვიდე. გუდის ყველს რაც შეეხება – როგორც ვიცი, ამერიკასა და კანადაში იყიდება, იქ პრობლემა არ გვაქვს. ზოგადად, ევროპულ ბაზრებზე ყველის და რძის პროდუქტების გაყიდვის პრობლემა გვაქვს. ჩვენ ვნახეთ, რომ იქ მოთხოვნა ნამდვილად არის”- განაცხადა კვიჭიძემ.