ქართული კერძები, რომლებიც უცხოელებს განსაკუთრებით მოსწონთ - „ძალიან დიდი მოთხოვნაა, ვინც ჩამოდის პირველ ადგილზე აყენებს“

საქართველოში გასტროტურიზმის განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს. ამის შესახებ „გასტრონომიული და რურალ ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებელმა ქეთი კვიჭიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მანვე საერთაშორისო გასტროკონგრესზე - Madrid Fusión 2025-ზე საქართველოს მონაწილეობა შეაფასა. როგორც კვიჭიძემ გასტროკონგრესზე ქართულმა პროდუქტებმა დიდი ინტერესი გამოიწვია.

ქართული კერძები, რომლებიც უცხოელებს განსაკუთრებით მოსწონთ

„საქართველო უკვე მეორე წელია რაც ამ კონგრესზე მონაწილეობს. მე, პირადად, პირველი წელია რაც ვესწრებოდი. საინტერესო იყო ჩვენ მიერ შერჩეული ქართული პროდუქტები. ესენი გახლდათ: წიპწის ზეთი, ღვინის მარილი, სხვადასხვა საწებლები, აჯიკები. ამ ყველაფერმა დიდი ინტერესი გამოიწვია, იმიტომ რომ მათთვის უცხო იყო. ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია ქართულმა გრძელმა თხილმა, რომელიც, თითქოს, ჩვენთვის ჩვეულებრივია, მოდიოდნენ და გვეკითხებოდნენ, რა იყო ეს.

ასევე ძალიან საინტერესო იყო ყველი, რომელიც ჩვენ წავიღეთ. ეს იყო სვანური ნარჩვი, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს საქართველოსთვისაც უცხოა, ბევრმა არც იცის და არც გაუსინჯავს, წარმოებაც ნაკლებია და ამიტომ მათთვის ეს პროდუქტი ძალიან საინტერესო იყო. გუდის ყველზე გავამახვილებდი ყურადღებას – სტუმრები მოდიოდნენ, რომლებიც მეუბნებოდნენ, ამხელა გამოფენაზე საუკეთესო ყველია, რაც გავსინჯეთო. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან საამაყოა და თან საინტერესო იმ მხრივ, თუ როგორ შეიძლება, სხვადასხვა ბაზარზე შეხვიდე,”- განაცხადა კვიჭიძემ.

მან ისაუბრა ასევე იმაზეც თუ რომელი ქართული კერძები მოსწონთ უცხოელ ტურისტებს.

“ხინკალი - მათთვის მისაღები პროდუქტია და ძალიან უყვართ. ვინც ჩამოდის, პირველ ადგილზე ხინკალს აყენებს. ასევე ფხალეული თავისი ნიგვზიანი ბადრიჯნით. ზოგადად, ფხალეულზე ძალიან დიდი მოთხოვნაა და ძალიან მოსწონთ,”- განაცხადა კვიჭიძემ.