„მალი, არგენტინა, შვეიცარია“ – რომელია 10 ყველაზე ძვირადღირებული ბაზარი ქართული ღვინისთვის

ქართული ღვინის ექსპორტი 5.8%-ით გაიზარდა. 2023 წელს უცხოეთში გავიდა 89 388 ტონა ქართული ღვინო, რომლის ჯამური ღირებულებაც 257.7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. 2024 წლისთვის ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 274.7 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ჯამში გასულ წელს ექსპორტზე 94 564 ტონა ღვინო გავიდა.

ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ღირებულება გასულ წელს მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. 2024 წელს 1 ლიტრის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 2.9 დოლარი იყო, წინა წელს კი 2.88 დოლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ფასი დაახლოებით 0.7%-ით არის გაზრდილი.

ქართული ღვინის ძირითადი საექსპორტო ბაზარი კვლავაც რუსეთია. 2024 წელს ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 70%-ს აჭარბებდა. უფრო კონკრეტულად, გასულ წელს რუსეთში 66 724 ტონა ქართული ღვინო გავიდა ექსპორტზე. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ღვინო ყველაზე მეტი მოცულობით რუსეთში გადის, ფასი საკმაოდ დაბალი. მაგალითად, 2024 წელს 1 ლიტრის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 2.7 დოლარი იყო.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელიც ქვეყნებია ქართული ღვინისთვის ყველაზე შემოსავლიანი. საქსტატის მონაცემების ანალიზის საფუძველზე გთავაზობთ ძვირადღირებული ბაზრების ათეულს:

  • მალი - 2 750 დოლარის 60 ლიტრი (1 ლიტრი 45.8 დოლარი);
  • არგენტინა - 180 დოლარის 10 ლიტრი (1 ლიტრი 18 დოლარი);
  • მალაიზია - 4 080 დოლარის 300 ლიტრი (1 ლიტრი 13.6 დოლარი);
  • შვეიცარია - 141 540 დოლარის 10.75 ტონა (1 ლიტრი 13.1 დოლარი);
  • მექსიკა - 37 860 დოლარის 3.46 ტონა (1 ლიტრი 10.9 დოლარი);
  • სინგაპური - 9 350 ათასი დოლარის 860 ლიტრი (1 ლიტრი 10.8 დოლარი);
  • სერბეთი - 4 830 ათასი დოლარის 450 ლიტრი (1 ლიტრი 10.7 დოლარი);
  • ისლანდია - 4 490 დოლარის 430 ლიტრი (1 ლიტრი 10.4 დოლარი);
  • ირლანდია - 27 820 დოლარის 2.73 ტონა (1 ლიტრი 10.1 დოლარი);
  • პორტუგალია - 51 880 დოლარის 5.1 ტონა (1 ლიტრი 10.1 დოლარი).
მერი ტაბატაძე