„ახლა ჩიხში ვართ, საიდანაც არსებობს გამოსავალი, იმედია, ორმოში არ ჩავვარდებით, იქიდან ამოსვლა ძალიან რთულია“- ასე აფასებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას ბიზნესმენი თემურ ჭყონია "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას.
მისი თქმით, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა მოქალაქეების დაკვეთას უნდა ასრულებდეს. შესაბამისად, თუ საზოგადოების დაკვეთაა, რომ ევროპასთან იმ კულტურულ, პოლიტიკურ და ფინანსურ ურთიერთობას დავუბრუნდეთ, რომელიც ადრე გვქონდა, ასეც უნდა მოხდეს.
„ჩვენ ახლა ჩიხში ვართ. თუმცა, ჩიხიდან გამოსასვლელი უამრავი გზა არსებობს, გააჩნია, რომელ გზას ავირჩევთ. ამ გზის არჩევანი დამოკიდებული უნდა იყოს საზოგადოებაზე და არა პარტიაზე. შესაბამისად, თუ საზოგადოების დაკვეთა არის, რომ ისევ დავუბრუნდეთ ევროპასთან კულტურულ, პოლიტიკურ, ფინანსურ ურთიერთობას, რომელიც ადრე გვქონდა, ასეც უნდა მოხდეს.
მაგალითად, ახლახან გავეცანი ინფორმაციას, რომ ევროკავშირი 2 მლრდ ევროზე მეტს გამოუყოფს მოლდოვას, დახმარების სახით, ჩვენ ამ სიაში არ ვართ, რაც ძალიან სამწუხაროა. აქ ფულზე როდესაც ვსაუბრობთ, ვგულისხმობ ფინანსურ ურთიერთობებს, ეს არ არის დამჩაგვრელი, ეს არის მეგობრობის, ნდობის ფაქტორი. როდესაც შენთან მეგობრული ურთიერთობა უნდათ და თანხას გიყოფენ, ეს არის ყველაზე მაღალ დონეზე შეფასებული მეგობრობა. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ აქედანაც ამოვარდნილი ვართ, ფინანსურთან ერთად მეგობრულ ურთიერთობაშიც ამოვარდნილი ვართ. როდესაც ნდობა აღარ გვაქვს, ეს იგი, ცუდ დღეში ვართ. სწორედ უნდობლობის გამო არ გვიწევენ ფინანსურ პარტნიორობას.
და, თუ ეს ყველაფერი ისეთი უბრალო საქმეა, როგორც ამას ბევრი პოლიტიკოსი აფასებს, მაშინ გვითხრან, რა არის სინამდვილე?! გაგვცენ პასუხი, ალტერნატივა რა არის, თუ ეს ფარატინაა?!“,- ამბობს თემურ ჭყონია.
კითხვაზე , რაში ხედავს გამოსავალს, ბიზნესმენი ამბობს, რომ არჩევნების დანიშვნაში.
„აქედან პოლიტიკური გამოსავალი არის არჩევნები. როდესაც პოლიტიკური კრიზისი იწყება, უნდა მოხდეს გადატვირთვა, ახალი არჩევნები, ან უნდა ნახოს პოლიტიკურმა ძალამ გამოსავალი, როგორ განაახლოს ურთიერთობები. თუმცა, როდესაც ნდობის ფაქტორი გაქვს დაკარგული, ამის განახლება რთულია. რაც დრო გავა, სულ უფრო გაგვიჭირდება გამოსავლის მოძებნა. ახლა ჩიხში ვართ, საიდანაც არსებობს გამოსასვლელი, იმედია, ორმოში არ ჩავვარდებით, იქიდან ამოსვლა ძალიან რთულია“,- ამბობს თემურ ჭყონია.
შეგახსენებთ, რომ 2 თვეზე მეტია საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. ასევე კობახიძის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, "ქართული ოცნების" გუნდი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესს არ დაიწყებს.
ამასთან, 29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. ასევე რეზოლუციაში ჩაიწერა მოთხოვნა, რომ გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი ასამბლეის 2025 წლის აპრილის სესიამდე. ამ გადაწყვეტილებას სტრასბურგში მყოფმა "ქართული ოცნების" გუნდმა მალევე უპასუხა. კერძოდ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, წყვეტენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას. ასევე შეგახსენებთ, იმასაც რომ 27 იანვარს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდათ.
13 თებერვალს კი, რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმაც, რომლითაც ევროდეპუტატები მოუწოდებენ ევროპის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებისთვის, დემოკრატიული უკუსვლისა და ქვეყნის დეკლარირებული ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების საწინააღმდეგო მოქმედებისთვის, ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს, კომპანიებსა და გარემოცვას მიზნობრივი სანქციები დაუწესონ. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მოხვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და რამდენიმე ბიზნესმენიც.