„USAID-ის მიერ დაფინანსების შეჩერება იმოქმედებს საქართველოს ენერგეტიკულ სისტემაზეც, ეფექტი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა იყო დაგეგმილი მომდევნო პერიოდებში და გაგრძელდება თუ არა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ განუცხადა.
მისი თქმით, USAID-ის მიერ ენერგეტიკული კუთხით გაწეული დახმარება ძირითადად მიმართული იყო ქარისა და მზის მცირე სიმძლავრის სადგურების მშენებლობისკენ.
„USAID უამრავი პროგრამის შექმნაში გვეხმარებოდა, USAID-მა საქართველოში გაატარა ძალიან ბევრი ენერგოეფექტურობის პროგრამა. ასევე, USAID-მა გააკეთა ბევრი მზისა და ქარის მცირე სიმძლავრის დანადგარები ოჯახებისთვის, მონასტრებისთვის და ა.შ. თუმცა, განახლებადი ენერგიის მსხვილი პროექტები ჩვენთან არ არის განხორციელებული და არ მაქვს ინფორმაცია, მათი საშუალებით რომელიმე თუ გაკეთდა“, - ამბობს არაბიძე.
როგორც არაბიძე აღნიშნავს, USAID-ის პროგრამები საქართველოში არ იყო მხოლოდ ინფრასტრუქტურული და მოიცავდა როგორც სწავლებებსა და გადამზადებებს, ისე სტრუქტურულ ცვლილებებსა და მათ შორის სამთავრობო ღონისძიებებსაც.
„დაფინანსების შეწყვეტა და შეჩერება გარკვეულ პრობლემებს შექმნის, რადგან ბევრი პროექტი ფინანსდებოდა USAID-ის მიერ საქართველოში. ეს არ იყო მხოლოდ ბეტონის ჩასხმა და ბოძის დადგმა, აქ იყო სტრუქტურული ცვლილება, სამთავრობო ღონისძიებები, გადამზადებები და სწავლებები. ბუნებრივია, ეს ყოველივე იმოქმედებს საქართველოს ენერგეტიკულ სისტემაზე, ეფექტი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა იყო დაგეგმილი მომდევნო წლებში“, - განაცხადა გია არაბიძემ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, 20 იანვრიდან საგარეო განვითარების დახმარება 90 დღით შეჩერდა. გადაწყვეტილების მიზეზად სახელდება ის, რომ აშშ-ს საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ არის თანხვედრაში ქვეყნის ინტერესებთან. დაფინანსება შეჩერებულია 90 დღით, თუმცა უცნობია, ვადის ამოწურვის შემდეგ იქამდე დაგეგმილი პროექტები გაგრძელდება თუ არა.
რაც შეეხება საქართველოს, ვრცელია იმ მიმართულებების ჩამონათვალი, რა კუთხითაც USAID-ი ქვეყანას ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას უწევდა. ეს იყო მაგალითად, განათლება, ლოგისტიკა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, კიბერუსაფრთხოება და მათ შორის ენერგეტიკა. ამ ფონზე კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსთვის ეს დახმარება არც 90 დღის შემდეგ გაგრძელდება.