ევროკავშირი სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს შეზღუდავს

ევროკომისია სოფლის მეურნეობის არაერთი პროდუქტის იმპორტის აკრძალვას განიხილავს, რომელიც პესტიციდების გამოყენების ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება. აკრძალვა, მათ შრის, აშშ-ის პროდუქტებს შეეხება.

ინფორმაციას Finiancial Times ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ევროკავშირი თავისი ფერმერების დასაცავად სხვადასხვა სტანდარტის მიხედვით წარმოებული საკვები პროდუქტების იმპორტის აკრძალვას განიხილავს.

სამი წყაროს ცნობით, მიმდინარე კვირას ევროკომისია უფრო ფართო სავაჭრო შეზღუდვების განხილვას დაიწყებს, რაც დამტკიცების შემთხვევაში სავაჭრო პარტნიორებს შორის მნიშვნელოვან აღშფოთებას გამოიწვევს. ერთ-ერთი პირველი, რაზეც შეზღუდვები დაწესდება, შესაძლოა, აშშ-ის სასოფლო-სამეურნეო კულტურები იყო, როგორიც არის, მაგალითად, სოია. მის მოსაყვანად აშშ-ში იმ პესტიციდების გამოყენება არის დაშვებული, რომლებიც ევროპელი ფერმერებისთვის ნებადართული არ არის.

“ჩვენ გვაქვს მეტად მკაფიო სიგნალი როგორც პარლამენტისგან, ასევე, წევრი ქვეყნებიდან და ფერმერებისგან, რომ რაც აკრძალულია ევროკავშირში, უნდა აიკრძალოს ევროკავშირში, თუნდაც ეს იმპორტირებული პროდუქტები იყოს,” - აცხადებს ევროკავშირის ჯანდაცვის კომისარი, ოლივერ ვარჰეი.

ევროკავშირის ამ გეგმას სოფლის მეურნეობის “საგზაო რუკა” ითვალისწინებს, რომელიც პროფილურმა ევროკომისარმა, კრისტოფ ჰანსენმა მოამზადა. მისი ცნობით, საუბარია მხოლოდ ყველაზე საშიშ პესტიციდებზე, ასევე, რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე კონკურენციაზე გავლენაც შეფასდება.

ამასთან, ევროკომისია ახალ სავაჭრო შეთანხმებებში ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტების ჩართვას განიხილავს, რაც ევროპელი ფერმერების პროდუქციას აძვირებს.

გამოცემის ერთ-ერთი თანამოსაუბრე ამბობს, რომ ეს ზომები ევროკავშირის მიერ დადებული სავაჭრო შეთანხმებების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერას გააძლიერებს, რადგან ევროპულ ბაზარზე ევროკავშირზე უარესი სტანდარტების მქონე პროდუქცია შედის, რასაც ევროპელი ფერმერები კონკურენციას ვერ უწევენ.

ცნობისთვის: აქტივისტების ჯგუფ Pesticide Action Network Europe-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირში იმპორტირებული ბევრი პროდუქტი პესტიციდების დაშვებულ ნორმაზე მეტ ნარჩენს შეიცავს. ეს ყველაზე ხშირად ჩაის (ნიმუშების 38%) და ყავას (ნიმუშების 23%) ეხება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ