„გასულ წელს ქვეყანაში მიწის ნაკვეთების ბაზარი, ფაქტობრივად, გაჩერებული იყო“ - ამის შესახებ Brokeri.ge-ის დამფუძნებელმა ილია ინაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე თქმით, მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვა აქტიურდება მაშინ, როცა ქვეყანაში შემოდის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც გასულ წელს შენელებული იყო და აისახა კიდეც სექტორზე.
კერძოდ, საქართველოში 2022 წლის რეკორდული მაჩვენებლის შემდეგ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება ფიქსირდება. მაგალითად, თუ 2022 წელს FDI 2.25 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებდა, 2023 წლისთვის 1.9 მლრდ დოლარამდე შემცირდა, 2024 წლის 9 თვის მონაცემებით კი 966 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.
„მიწის ნაკვეთების ბაზარზე იყო ძალიან ცუდი სიტუაცია, ბაზარი იყო, ფაქტობრივად, გაჩერებული. ზოგადად, მიწის ნაკვეთების ბაზარი აქტიურდება მაშინ, როცა ინვესტიციები შემოდის ქვეყანაში. 2024 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ნაკლები შემოვიდა ქვეყანაში, რამაც ზეგავლენა იქონია მიწის ნაკვეთების ყიდვა/გაყიდვის სფეროზე, კერძოდ, მიწის ნაკვეთები არ გაიყიდა იმ რაოდენობით, რისი მოლოდინიც გვქონდა“, - ამბობს ინაშვილი.
როგორც მანვე აღნიშნა, მოსალოდნელია, მიწის ნაკვეთების ბაზრის გააქტიურება 2025 წლის ბოლოდან. ინაშვილის თქმით, 2022-2023 წლებში რუსეთისა და უკრაინელების მხრიდან საცხოვრებელ უძრავი ქონების მოთხოვნის გაძლიერებამ შეასუსტა მიწის ნაკვეთების ბაზარი, თუმცა, უკვე 2025 წლის ბოლოდან მოსალოდნელია, რომ ეს ეფექტი შემცირდება და მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა და ფასები გაიზრდება.
„2022-2023 წელი გვქონდა აქტიური მეორადი უძრავი ქონების ბაზარი. საცხოვრებელ ქონებაზე იყო ძალიან დიდი მოთხოვნა, რაც გამოწვეული იყო ქვეყანაში ბევრი რუსისა და უკრაინელის შემოსვლით. იმ პერიოდში იჯარის ფასები გასამმაგდა, ძალიან მაღალი მოთხოვნა იყო და ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ მიწის ნაკვეთის შეძენას და სახლის აშენებას, საცხოვრებელი უძრავი ქონების მეორად ბაზარზე გადაერთნენ, რადგან კარგ ფასად ქირავდებოდა. ახლა ეს ეფექტი შემცირებულია და იმ ადამიანების ტვინში ისევ არის დალექილი აზრი, რომ მიწის ნაკვეთი უნდა იყიდონ. ამას დაემატება ახალი მყიდველები 2025 წელს და უკვე 2026 წელს მოთხოვნის მზარდი ზრდა გამოიწვევს ფასების ზრდას იმაზე მეტად, ვიდრე მოლოდინი გვქონდა“, - აღნიშნავს რესპონდენტი.
ინაშვილის თქმით, მიწის ნაკვეთების ფასები გაიზრდება შემდეგი ტერიტორიებისთვის: თბილისი, თბილისის შემოგარენი, ბათუმი, ბათუმის შემოგარენი და შესაძლოა, ქუთაისიც.
„მიწის ნაკვეთების ბაზარი საფასო ნაწილში ყოველთვის არის მზარდი, რაც არ უნდა მოხდეს, ფასი არასდროს ეცემა, ბაზარზე ვარ 18 წელია და ერთადერთი შემთხვევა, როცა მიწის ნაკვეთებზე ფასი დაეცა, იყო 2008 წელი. მიწის ნაკვეთი არის ამოწურვადი რესურსი, ახალს ვერ შექმნი, მოთხოვნა მზარდია, მცირდება რაოდენობა, ირღვევა მოთხოვნა-მიწოდება და თუ მოთხოვნა არის მაღალი, ფასიც იწევს“, - განაცხადა ილია ინაშვილმა.